შალვა პაპუაშვილი: დიპლომატიური კორპუსის ზოგიერთი წარმომადგენელი, თუ ზოგადად დიპლომატიური კორპუსი ზედმეტად მონაწილეობს ქვეყნის შიდა პოლიტიკურ დისკუსიებში

ჩვენ გვაქვს ეს მოცემულობა, რომელიც მეც ასე დამხვდა, როდესაც პოლიტიკაში მოვედი, რომლის მიმართაც ჩემი წუხილი მაქვს, რომ სამწუხაროდ, დიპლომატიური კორპუსის ზოგიერთი წარმომადგენელი, თუ ზოგადად დიპლომატიური კორპუსი ზედმეტად მონაწილეობს ქვეყნის შიდა პოლიტიკურ დისკუსიებში, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა გუშინ პრემიერმინისტრისა და ელჩების შეხვედრის ფაქტს.

მისი განმარტებით, ხშირად გარკვეულ საკითხებზე დახურულ კარს მიღმა მსჯელობისას, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები კონტრარგუმენტებს არ იშველიებენ და ზოგიერთ საკითხს ეთანხმებიან კიდეც, თუმცა შემდეგ საჯაროდ სხვა პოზიციას აფიქსირებენ.

ამასთან, პაპუაშვილი აღნიშნავს, რომ რომ თუ მათი მხრიდან არის ქართულ პოლიტიკურ დისკუსიაში მონაწილეობის სურვილი ეს საჯაროდ უნდა მოხდეს .

„პრემიერ-მინისტრს, იცით, რომ ჰქონდა წერილობითი განცხადება და მეც იცით, რომ შევუერთდი მის ინიციატივას – ჩვენ გვაქვს ეს მოცემულობა, რომელიც მეც ასე დამხვდა, როდესაც პოლიტიკაში მოვედი, რომლის მიმართაც ჩემი წუხილი მაქვს, რომ სამწუხაროდ, დიპლომატიური კორპუსის ზოგიერთი წარმომადგენელი, თუ ზოგადად დიპლომატიური კორპუსი ზედმეტად მონაწილეობს ქვეყნის შიდა პოლიტიკურ დისკუსიებში. ეს გარკვეულწილად გასაგებია – ჩვენ არ ვართ მოწყვეტილი სამყაროს, მითუმეტეს, როდესაც ვსაუბრობთ ევროპასთან ინტეგრაციის საკითხებზე, ჩვენ არ ვართ ცალკე კუნძული და, რა თქმა უნდა, ყოველთვის მნიშვნელოვანია რჩევების მოცემა. მაგრამ ელჩების მონაწილეობას პოლიტიკურ დებატებში, კანონპროექტის განხილვაში აქვს ერთი რისკი – იმ მომენტში, როდესაც ადამიანი ხარ უშუალო მონაწილე დებატის თუ დისკუსიისა, დეფინიციითვე ხდები მიკერძოებული რაღაც აზრის მიმართ, იმიტომ, რომ რაღაც აზრზე ყალიბდები და შემდეგ ცდილობ ის დაიცვა. საბოლოო ჯამში, ეს აზიანებს თავად დიპლომატიურ წარმომადგენლობებს, ვინაიდან საზოგადოებაშიც ხომ სხვადასხვა აზრებია პოზიციების მიმართ და მას, ვინც დიპლომატიური წარმომადგენლობის საწინააღმდეგო პოზიციაზე არის, უჩნდება ნეგატიური წარმოდგენები უპირველეს ყოვლისა დიპლომატიური წარმომადგენლის მიმართ, რომელიც შემდეგ აბსტრაგირდება იმ ქვეყანაზე, რომელსაც ის წარმოადგენს. ამიტომაც არის ვენის კონვენციაში ჩაწერილი, რომ შიდა საქმეებში მონაწილეობა არ უნდა იყოს. ეს მხოლოდ სუვერენიტეტის საკითხი კი არ არის, თავად დიპლომატიური კორპუსის დასაცავადაც არის მნიშვნელოვანი. მეორე მანკიერებაც აქვს დიპლომატების ასეთ მონაწილეობას – ის ხშირად არის დახურულ კარს მიღმა, რაც გასაგებია და ასეც ხდება და არის ნაწილი ჩვენი ურთიერთობისა პარტნიორებთან. მაგრამ მთავარ გაკვირვებას იწვევს შემდეგი რამ, როდესაც დახურულ კარს მიღმა რაღაც საკითხებზე, იქ მსჯელობის დროს ჩვენ რაიმე კონტრარგუმენტი არ გვესმის და პირიქით, დათანხმებაც არის ხოლმე საკითხებზე, მაგრამ შემდეგ საჯარო კომენტირებისას სხვა პოზიციები ჟღერდება. ეს, რა თქმა უნდა, არ არის სწორი. ამიტომ თუ არის სურვილი ქართულ შიდა პოლიტიკურ დისკუსიებში და კანონპროექტების განხილვაში მონაწილეობის, იყოს ეს საჯარო და ნახავს მოსახლეობა რა არგუმენტები არსებობს“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები