რატი ბრეგაძე: იკრიბება ექსპერტთა ჯგუფი და დარწმუნებულები ვართ, აუცილებლად გამოიძებნება გამოსავალი, რომ იმ ადამიანებმა, რომლებიც დაზარალდნენ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მიიღონ შესაბამისი კომპენსაცია
ახლა უკვე იკრიბება ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც აღსრულების მეთოდებზე იმსჯელებს და დარწმუნებულები ვართ, რომ აუცილებლად გამოიძებნება შესაბამისი გამოსავალი, რომლის მეშვეობითაც, ის ადამიანები, რომლებიც დაზარალდნენ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, აუცილებლად მიიღებენ შესაბამის კომპენსაციას, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.
მინისტრმა ისაუბრა ევროსასამართლოს 9 აპრილის გადაწყვეტილებაზე, რომლითაც დადგენილია რუსეთის მიერ ე.წ. ბორდერიზაციის გზით ადამიანის უფლებების უხეში და მასშტაბური დარღვევა.
„უნდა აღვნიშნო აუცილებლად ის, რომ ნიშანდობლივი და სიმბოლური იყო ის გარემოება, რომ ეს გადაწყვეტილება სწორედ 9 აპრილს გამოცხადდა. ეს გამარჯვება კიდევ ერთხელ ცხადყოფს იმას, რომ სიმართლე იყო, არის და იქნება საქართველოს მხარეს. ჩვენ კიდევ ერთხელ გამოვხატავთ მწუხარებას თითოეული გარდაცვლილი ადამიანის ოჯახის მიმართ, რომელმაც საკუთარი სიცოცხლე სამშობლოს გამო დათმო და დარწმუნებულები ვართ, რომ მათი ბრძოლა უკვალოდ არ ჩაივლის და მთავრობის თითოეული წევრის, ასევე საქართველოს ნებისმიერი მოქალაქის ვალია, რომ ამ ადამიანების ბრძოლამ უკვალოდ არ ჩაიაროს“, – განაცხადა ბრეგაძემ.