ირაკლი ქადაგიშვილი – „გამჭვირვალობის კანონზე“: ერთი პუნქტი მაინც გვითხრან და გვანახონ, რა არის ამ კანონში ანტიევროპული?!
,,ერთი პუნქტი მაინც გვითხრან და გვანახონ, რა არის ამ კანონში ანტიევროპული?! დაასახელონ, ან რა არის ანტიევროპული, ან რა არის რუსული და რა თქმა უნდა, მაშინ ვიტყვით, რომ მათ ამ გამწარებულ, გაშმაგებულ კამპანიას რაღაც საფუძველი აქვს”, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა გამჭვირვალობის შესახებ კანონზე საუბრისას “იმედის” ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნულ კანონპროექტს არანაირი კავშირი არ აქვს რუსულთან.
„ამ კანონპროექტს არანაირი კავშირი არ აქვს რუსულთან და თუკი რამე საუკეთესო, ყველაზე უფრო ლიბერალური, ღია და გამჭვირვალე მიდგომა შეიძლება არსებობდეს ევროკავშირში, სწორედ ეს მიდგომებია ამ კანონპროექტში ასახული. სწორედ აქედან გამომდინარეა, რომ მათი მოწოდებებიც ასეთია, არ შევიდეთ არავითარ შემთხვევაში საგნობრივ, პუნქტობრივ განხილვაში, არ ვთქვათ რამე წინადადება, რაც შეცვლასთან შეიძლება იყოს დაკავშირებული, ან შესწორებასთან, პირდაპირ, რომ იტყვიან ტოტალური ბულინგი, ტყუილი იარლიყების მიწებებით შემოვიფარგლოთ, რომ ამით იქნებ მოსახლეობაზე გავლენა მოვახდინოთო. ჩვენ შიდა აქტორებსაც და დასავლელ პარტნიორებსაც ვეუბნებით, ძალიან გთხოვთ, ვიყოთ საქართველოს მიმართ ისეთივე ღია, როგორიც არის საქართველო თქვენს მიმართ“, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.