საქართველოს მოქალაქეებისთვის ჩინეთთან უვიზო მიმოსვლის შეთანხმება ოფიციალურად გაფორმდა

საქართველოს მოქალაქეებისთვის ჩინეთთან უვიზო მიმოსვლის შეთანხმება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დღეს ოფიციალურად გაფორმდა.

სამინისტროში გაფორმდა დოკუმენტი – „საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის ორდინალური პასპორტების მფლობელთა სავიზო მოთხოვნებისგან ორმხრივად გათავისუფლების შესახებ“.

შეთანხმებას ხელი მოაწერეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა და ჩინეთის ელჩმა, ჭოუ ციენმა.

თითოეული ხელმომწერი მხარე მეორე ხელმომწერ მხარეს წერილობით, დიპლომატიური არხების მეშვეობით აცნობებს ამ შეთანხმების ძალაში შესასვლელად საჭირო შიდა სამართლებრივი პროცედურების დასრულების შესახებ. აღნიშნული შეთანხმება ძალაში შევა ბოლო წერილობითი შეტყობინების დღიდან ოცდამეათე (30) დღეს.

დარჩიაშვილის თქმით, აღნიშნული შეთანხმება საქართველოს მოქალაქეებს ჩინეთში მოგზაურობას გაუმარტივებს.

“უვიზო რეჟიმის შემოღების შესახებ დღეს ხელმოწერილი შეთანხმება ჩვენს მოქალაქეებს გაუმარტივებს ჩინეთში მოგზაურობას. თავისთავად ეს ახალ იმპულსს შესძენს ჩვენს ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებსა და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის შემდგომ განვითარებას. ხელს შეუწყობს ხალხთაშორის კონტაქტების, ტურისტული, კულტურული და სავაჭრო ეკონომიკური კავშირების სფეროში არსებული შესაძლებლობების სრულ გამოყენებას. იმედი მაქვს, ჩვეულებრივი პასპორტის მქონე მოქალაქეთათვის უვიზო რეჟიმის შემოღების შეთანხმების ამოქმედების შემდეგ, ჩინეთის საზოგადოებისათვის საქართველო კიდევ უფრო ხილვადი და ცნობადი გახდება. ეს ხელს შეუწყობს ორი მეგობარი ერისა და ხალხის შემდგომ დაახლოებას”, – აღნიშნა მან.

აღსანიშნავია, რომ ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი საქართველოს მხრიდან 2023 წლის 11 სექტემბრიდან ამოქმედდა, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მხრიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის დაწესების შესახებ კი, მიმდინარე წლის 26 თებერვალს გახდა ცნობილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები