ირაკლი კობახიძე: ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ მკაფიოდ გაესვა ხაზი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და უფრო მეტად განმტკიცდა ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი

ევროპულმა სასამართლომ რუსეთს დააკისრა სრული პასუხისმგებლობა ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ საქართველოს მოსახლეობის მასობრივი შევიწროების, დაკავებისა და გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებაშია აღნიშნული.

მთავრობის მეთაურის თქმით, ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ მკაფიოდ გაესვა ხაზი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და უფრო მეტად განმტკიცდა ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი.

„საქართველომ სტრასბურგის სასამართლოში უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა.
ევროპულმა სასამართლომ რუსეთს დააკისრა სრული პასუხისმგებლობა ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ საქართველოს მოსახლეობის მასობრივი შევიწროების, დაკავებისა და გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვისთვის.
კიდევ ერთხელ, უმაღლეს სამართლებრივ დონეზე გამყარდა ის, რომ ევროპულ კონვენციასთან შეუსაბამო ქმედებებზე, რომელიც ე.წ ბორდერიზაციასა და ადამიანის უფლებების განგრძობით, სისტემურ დარღვევაში გამოიხატება, პასუხისმგებელი სწორედ რუსეთია.
ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ მკაფიოდ გაესვა ხაზი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და უფრო მეტად განმტკიცდა ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი.
მადლობას ვუხდი სახელმწიფო უწყებებს – იუსტიციის სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, საქართველოს გენერალურ პროკურატურასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს, ყველას, ვინც ამ უმნიშვნელოვანეს გამარჯვებაში წვლილი შეიტანა, – აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2024 წლის 9 აპრილს გამოიტანა გადაწყვეტილება მეოთხე სახელმწიფოთაშორის საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (IV)“, რომელიც ეხება 2008 წლის კონფლიქტის შემდეგ, ადმინისტრაციული საზღვრების „ბორდერიზაციას“.

პალატის დღევანდელ გადაწყვეტილებაში საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (IV)“ (საჩივარი №39611/18) ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ერთხმად დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის შემდეგი მუხლების დარღვევას: მე-2 მუხლი (სიცოცხლის უფლება), მე-3 ( არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვა), მე-5 §1 მუხლი (თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება) და მე-8 მუხლი (პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება), 1-ელი ოქმის 1 (საკუთრების დაცვა) და მე-2 (განათლების უფლება) მუხლები და მე-4 ოქმის მეორე მუხლი (მიმოსვლის თავისუფლება).

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები