როგორ შევარჩიოთ ბლენდერი
ბლენდერი სამზარეულოში ერთ-ერთი ყველაზე საჭირო მოწყობილობაა. ის ამარტივებს უამრავ პროცედურას კერძების მომზადებისას და ასევე, კომფორტულია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ცხოვრების ჯანსაღ წესს ირჩევენ.
რისთვის გჭირდება ბლენდერი? სმუზების, წვნიანის, სოუსების, კოქტეილების მომზადებას აპირებ? და ყინულის დამსხვრევის ფუნქციაზე რას იტყოდი? ამ კითხვებზე პასუხის გაცემის შემდეგ ზუსტად გეცოდინება როგორი მოწყობილობა იქნება შენთვის განსაკუთრებით შესაფერისი.
არსებობს ორი ტიპის ბლენდერი:
- სტაციონარული
- ხელის ბლენდერი
ხელის ბლენდერს ჩოფერსაც უწოდებენ. ის განსაკუთრებით მოსახერხებელია პიურეს და ფაფების მოსამზადებლად, ასევე, სხვადასხვა ტიპის პროდუქტის დასაქუცმაცებლად.
როგორ ავარჩიოთ ბლენდერი
ბლენდერმა რომ იმედები არ გაგვიცრუოს და მაქსიმალურად ფუნქციური იყოს, აუცილებელია ზუსტად ვიცოდეთ რას უნდა მივაქციოთ ყურადღება ბლენდერის შეძენამდე:
- სიმძლავრე:
ბლენდერის სიმძლავრე 500-დან 1500 ვატამდე მერყეობს. რაც უფრო უფრო მაღალი სიმძლავრის იქნება ბლენდერი, მით უფრო სწრაფად დააქუცმაცებს და შეურევს პროდუქტებს.
- მოცულობა:
საოჯახო მოხმარებისთვის, აჯობებს, რომ ბლენდერის მოცულობა იყოს მაქსიმალურად დიდი. ხოლო, თუ პერსონალური მოხმარებისთვის აპირებ შეძენას, პატარა ბლენდერიც საკმარისი იქნება.
- სიჩქარის რეჟიმები:
რაც უფრო მეტი სიჩქარე აქვს ბლენდერს, მით მეტი კონტროლი გაქვს შერევის პროცესზე. ზოგიერთ მოდელს აქვს სპეციალური პროგრამა, მაგალითად, ყინულის მსხვრევისთვის ან სმუზის მოსამზადებლად.
- დანის მასალა:
ბლენდერის შერჩევისას ყურადღება მიაქციე დანის პირის მასალას. უპირატესობა მიანიჭე უჟანგავი ფოლადის დანის პირებს, რომელიც ძლიერი და გამძლეც არის.
- კონტეინერის მასალა:
მოძებნე მაღალი ხარისხის მასალისგან დამზადებული, გამძლე ბლენდერი. კონტეინერის ყველაზე უსაფრთხო მასალად მიიჩნევა მინა.
თვალი გადაავლე სანდო და მაღალი რეპუტაციის მქონე ბრენდებს, გაეცანი მიმოხილვებს და შეარჩიე შენთვის სასურველი მოდელი რომელიც იდეალურად შეესაბამება შენი სამზარეულოს სტილს და ესთეტიკას.
სტატიის ავტორი: ქეთი გოგიჩეიშვილი