კახა ლაბუჩიძე: ბოჭორმის ქუჩაზე სასროლეთში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულთაგან ერთის მდგომარეობა ძალიან მძიმეა

თბილისის საკრებულოში ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის, კახა ლაბუჩიძის განცხადებით, ბოჭორმის ქუჩაზე, სასროლეთში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული ოთხი ადამიანიდან ერთ-ერთის მდგომარეობა მძიმეა.

„აფეთქება მოხდა. აქ არის სასროლეთი, მაღაზია. ამ ეტაპისთვის ვიცი, რომ არის ორი გარდაცვლილი, მაგრამ ძალიან მალე შსს-ის შესაბამისი სამსახური ოფიციალურ განცხადებას გააკეთებს. დაიწყო ძიება და ყველა შესაბამის სამსახური მუშაობს ადგილზე. ვიცი, რომ 4 ადამიანია საავადმყოფოში გადაყვანილი, ერთი არის ძალიან მძიმედ. ამ ეტაპზე მიზეზი უცნობია. სასროლეთში მოხდა აფეთქება თუ შენობის სხვა სართულზე, ვერ გეტყვით“,- განაცხადა ლაბუჩიძემ.

ცნობისთვის, შსს-ს ინფორმაციით, თბილისში, ბოჭორმის ქუჩა N12-ში მაღაზია „ბეთლგრაუნდი“-ის სასროლეთში მომხდარი აფეთქების შედეგად დაიღუპა 2 და დაშავდა 4 მოქალაქე. ჯერჯერობით, აფეთქების მიზეზი უცნობია. ადგილზე მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ჯგუფები და პოლიცია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები