გივი მიქანაძე: კეთილსინდისიერი ორგანიზაციებისთვის „გამჭვირვალობის კანონი“ პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს მაგრამ, ეს ისტერია პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ ამ ორგანიზაციებს ძალიან ბევრი აქვთ დასამალი

კეთილსინდისიერი ორგანიზაციებისთვის „გამჭვირვალობის კანონი“ პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს მაგრამ, ეს ისტერია, რომელსაც ვხედავთ, პირდაპირ მიუთითებს, რომ ამ ორგანიზაციებს ძალიან ბევრი აქვთ დასამალი და ცდილობენ აბსურდული მიზნებით და მოგონილი საფუძვლებით გადაფარონ ეს საკითხი, – ამის შესახებ, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

მისივე თქმით, სხვა ქვეყნების მსგავსად, საქართველოში, პოლიტიკური პარტიების გარე წყაროებიდან დაფინანსება აკრძალულია, სწორედ ამიტომ, რადიკალურმა ოპოზიციურმა პარტიებმა გამოძებნეს გზა და მათი მსგავსი ინტერესების გამტარებელი “ენჯეოებისა” და მედიასაშუალებების გარე წყაროებიდან დაფინანსებით, თავადაც ფინანსდებიან.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებას ჰქონდეს დეტალური ინფორმაცია მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით და იმ ისტერიაზე, რომელსაც “ენჯეო” სექტორი და მედიასაშუალებები რადიკალების მხარდაჭერით ახორციელებენ წარდგენილ კანონპროექტთან დაკავშირებით. ისმის კითხვა – რა არის ამ კანონპროექტში ასეთი პრობლემური? ამაზე პასუხი არ არსებობს. საკითხი არის ძალიან მარტივი და ეხება იმ მნიშვნელოვან პრინციპს, რომელიც გამჭვირვალობასთან არის დაკავშირებული – გამჭვირვალობა და ანგარიშგება საზოგადოების წინაშე. აღმოჩნდა, რომ ენჯეო სექტორის ნაწილისთვის, იმ მედიასაშუალებებისთვის, რომელიც ყველამ კარგად იცის, რომ პირდაპირ მიბმულია რადიკალური ფრთის ოპოზიციაზე, ასევე, ამავე ოპოზიციის დიდი ნაწილისთვის, მსგავსი კანონპროექტი მიუღებელია. საქართველოში, ისევე როგორც ყველა ქვეყანაში, აკრძალულია პარტიების გარე წყაროდან დაფინანსება. ჩვენ ვხედავთ, რომ ეს საკითხი ძალიან მკაცრ მონიტორინგს ექვემდებარება და ამ კუთხით, ოპოზიციურ პარტიებს გარე დაფინანსების მიღება უჭირთ მაგრამ, გამოძებნეს გვერდის შემოვლის გზა, რაც არის ზუსტად ის, რომ იმავე ინტერესებისა და პოლიტიკის განმახორციელებელი ენჯეოსექტორი, რომელიც უკვე კარგა ხანია ჩამოშორდა ნეიტრალურ გზას, დაადგა კონკრეტული პოლიტიკური სუბიექტების ნარატივს და მედიასაშუალებები, რომლებიც დაფინანსებას იღებენ რადიკალებისგან, იღებენ სხვა და სხვა დაფინანსებებს, რომლის არანაირი გასაჯაროება არ ხდება. ხშირ შემთხვევაში, უცნობია ვინ არის დამფინანსებელი, უცნობია ამ დაფინანსებების მიზნობრიობაც და ზოგადად რაში და ვისთან იხარჯება ეს თანხები. რეალობამ, განსაკუთრებით ბოლო წელმა გვაჩვენა, რომ როდესაც ამ ორგანიზაციებმა დადეს პირობა, რომ ყველა ინფორმაცია გასაჯაროვდებოდა, ვადევნებდით ამ ერთი წლის განმავლობაში თვალს განვითარებულ მოვლენებს და ვხედავდით, რომ დღითიდღე იზრდებოდა ამ ორგანიზაციების მხრიდან ჩაკეტილ წრეში მოქმედება. არანაირ გასაჯაროებასა და გამჭვირვალობაზე ნაბიჯი არ გადადგმულა. სამაგიეროდ, ეს ადამიანები პირდაპირ თავს ესხმიან ეკლესიას, სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობას, ცესკოს, ეწევიან ლგბტ პროპაგანდას და დგამენ ისეთ ნაბიჯებს, რომელიც ჩვენს ეროვნულ ინტერესებს, სახელმწიფოებრიობას პირდაპირ რისკების ქვეშ აყენებს. ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეს გასაჯაროებულიყო“, – განაცხადა მიქანაძემ.

მან ასევე ისაუბრა იმ მიზეზებზე თუ რატომ არ სურს ოპოზიციას „გამჭვირვალობის კანონპროექტის“ მიღება.

„გამოდის რა, რომ სწორედ ამ ენჯეოებისა და მედიასაშუალებების მეშვეობით, პოლიტიკური სუბიექტები იღებენ ირიბ დაფინანსებას. ზუსტად ეს არის მათი მთავარი პრობლემა, ეს აწუხებთ მათ და არ უნდათ ამის გასაჯაროება. წესით, კეთილსინდისიერი ორგანიზაციებისთვის ეს პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს მაგრამ, ეს ისტერია, რომელსაც ვხედავთ, პირდაპირ მიუთითებს, რომ ამ ორგანიზაციებს ძალიან ბევრი აქვთ დასამალი და პირდაპირ ცდილობენ, აბსურდული მიზნებით და მოგონილი საფუძვლებით, გადაფარონ ეს საკითხი და საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში, რომ თითქოს, გამჭვირვალეობის კანონპროექტის მიღება, ხელს შეუშლის ჩვენს ქვეყანას ევროკავშირთან შემდგომ პროგრესში“, – აღნიშნა მიქანაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები