8 აპრილს მზე სრულად დაბნელდება – რას ნიშნავს ეს და როგორია დაბნელების სახეები

ორშაბათს, 8 აპრილს ჩრდილოეთ ამერიკაში მზე სრულად დაბნელდება. ამის ნახვა შესაძლებელი იქნება როგორც აშშ-ში, ისე მექსიკასა და კანადაში.

მზის სრული დაბნელება რეგულარულად ხდება, მაგრამ არც ისე ხშირად: მომდევნო დაბნელებას მხოლოდ 2026 წლისთვის ველოდებით, მისთვის თვალის დევნებას კი, ატლანტის ოკეანიდან შევძლებთ.

მზის დაბნელება 8 აპრილს წყნარ ოკეანეში დაიწყება. ამას პირველად პერნინის მოსახლეობა იხილავს. შემდეგ მთვარის ჩრდილი, რომელიც მზეს მიეფარება, 2500კმ/სთ სიჩქარით ოკეანეზე გადაიფრენს; 11:07-ზე  მექსიკის სანაპიროზე გადმოვა; 20 წუთში გადალახავს მექსიკისა და აშშ-ის საზღვარს, კიდევ რამდენიმე საათში, მთელი კონტინენტის გადალახვის შემდეგ, ატლანტის ოკეანეში გადავა.

რა არის მზის დაბნელება და როგორია დაბნელების სახეები?

დაბნელება ხდება მაშინ, როდესაც მზე, მთვარე და დედამიწა ერთ მწკრივში დგება.

თუ დედამიწა შუაშია, მაშინ მისი ჩრდილი მთვარეზე ეცემა – ეს მთვარის დაბნელებაა. თუ მთვარე შუაშია, მაშინ ის დაჩრდილავს მზეს დედამიწისთვის – ეს მზის დაბნელება გახლავთ.

დაბნელება შეიძლება იყოს ნაწილობრივი ან სრული. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად ზუსტია ციური სხეულების მწკრივი.

მზის დაბნელების შემთხვევაში, მისი სისრულე, ასევე, დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად ახლოს ან შორს იმყოფება მთვარე დედამიწიდან თავის ოდნავ წაგრძელებულ ორბიტაზე.

მზის რგოლისებრი დაბნელების დროს მთვარე იმყოფება დედამიწიდან მაქსიმალურ მანძილზე, ამიტომ ის მზეზე პატარა ჩანს და მთლიანად არ ფარავს მას.

მზის შემდეგი რგოლისებრი დაბნელება წელს სამხრეთ ამერიკაში, 2 ოქტომბერს მოხდება.

მზის დაბნელების დაკვირვება შეგიძლიათ მხოლოდ სპეციალური, ძალიან მუქი სათვალით ან სპეციალისტების მიერ რეკომენდებული სხვა მოწყობილობებით – წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება, მხედველობა დაზიანდეს.

რაც შეეხება დაბნელების ხანგრძლივობას, თითოეულ ადგილას ის შეიძლება იყოს განსხვავებული, რაც დამოკიდებულია დედამიწის და მნათობების პოზიციებზე; ასევე იმაზე, დედამიწის რომელ ნაწილზე ეცემა ჩრდილი, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, ის რამდენიმე წუთზე დიდხანს არ გრძელდება. ასტრონომების აზრით, თეორიულად, დაბნელების (რომელიც კონკრეტული არეალიდან შეგვიძლია დავინახოთ) მაქსიმალური ხანგრძლივობა 7 წუთი 32 წამია.

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები