კობა კობალაძე სამების საპატრიარქო ტაძარში აფხაზეთიდან გადმოსვენებული პირების სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან და მთავრობის წევრებთან ერთად, წმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში იმყოფებოდა, სადაც 1990-იანი წლებში, აფხაზეთში, საომარი მოქმედებების დროს დაღუპულთა სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა. მათ ქვეყნის ერთიანობისთვის დაღუპულთა ოჯახის წევრებს მიუსამძიმრეს და მეომართა და სამოქალაქო პირთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

წმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში იმყოფებოდნენ, ასევე, დირექტორის პირველი მოადგილე, ნიკოლოზ კვეზერელი, მოადგილეები მირონ ჩიგოგიძე და ჯანდრი უბირია, სამსახურის წარმომადგენლები, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანები,

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტისა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო აპარატის ერთობლივი ძალისხმევით, აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან, 1992-93 წლების შეიარაღებულ კონფლიქტთან დაკავშირებით, უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიჩნეული 12 პირის ( 9 სამხედროს და 3 მშვიდობიანი მოქალაქის) ნეშტი ოჯახებს გადაეცათ.

დღეს, 5 სამხედროს ნეშტი, დიღმის ძმათა სასაფლაოზე, სამხედრო პატივით დაკრძალეს, ხოლო, დანარჩენი იდენტიფიცირებული პირები, ოჯახების სურვილის გათვალისწინებით, სათანადო პატივით, სხვადასხვა ლოკაციებზე.

2023 წელს 55-ზე მეტი ადამიანის ნეშტი იქნა ამოცნობილი, რომლებიც ოჯახებს გადაეცა. ეს შესაძლებელი გახდა 1992-1993 წლების შეიარაღებული კონფლიქტის და მის შემდგომ პერიოდში, უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების მოძიების საკითხებზე ICRC-ის (წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის) მხარდაჭერითა და აფხაზი და ქართველი მონაწილეების ჩართულობით მომუშავე, ჰუმანიტარული საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში. ეს ნეშტები აფხაზეთში სხვადასხვა ლოკაციაზე იქნა მოძიებული.

2010 წელს საკოორდინაციო მექანიზმის შექმნის შემდეგ, სულ, მოძიებულია და ოჯახებს გადაეცა 285 ადამიანის ნეშტი. 1992-1993 წლების შეიარაღებულ კონფლიქტთან დაკავშირებით, დღეისათვის, 1870 სამხედრო და სამოქალაქო პირი ჯერაც ითვლება დაკარგულად, რომელთა მოძიების, იდენტიფიცირებისა და ოჯახებისთვის გადასაცემად, ჰუმანიტარული საკოორდინაციო მექანიზმი მუშაობას უწყვეტ რეჟიმში განაგრძობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები