ეროვნული ბანკი: იანვართან შედარებით, თებერვალში საბანკო სექტორში განთავსებული დეპოზიტების მოცულობა თითქმის 183 მილიონი ლარით შემცირდა

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2024 წლის თებერვლის ბოლოსათვის 50.50 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 182.62 მლნ ლარით, ანუ 0.36%-ით ნაკლებია წინა თვის ბოლოს არსებულ მაჩვენებელზე.

სებ-ის ანგარიშის მიხედვით, თებერვალში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების შემცირებას 203.80 მლნ ლარით, ანუ 0.96%-ით, ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 21.18 მლნ ლარით, ანუ 0.07%-ით გაიზარდა.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა 2024 წლის თებერვლის ბოლოსათვის 50.16 პროცენტი შეადგინა. წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია შემცირდა 0.07 პროცენტული პუნქტით.

ამასთან, ეროვნული ბანკის მონაცემებით, თებერვალში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 7.51% შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 10.08%, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 1.99%. უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა – 78.58%, ხოლო ევროს წილმა 19.86% შეადგინა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები