იაგო ხვიჩია – “ვეტინგზე”: არ მესმის იმ ადამიანის, ვისაც კეთილსინდისიერების შემოწმების ეშინია, უცნაურად გამოიყურება, როცა მოსამართლე ამის წინააღმდეგია
არ მესმის იმ ადამიანის, ვისაც კეთილსინდისიერების შემოწმების ეშინია, უცნაურად გამოიყურება, როცა მოსამართლე ამის წინააღმდეგია, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ “ვეტინგზე” საუბრისას განაცხადა.
“ხელისუფლების ადგილზე რომ ვყოფილიყავი, „ვეტინგს“ დავეთანხმებოდი, რადგან ეს სასამართლოს „გაპრავების“ ერთ-ერთი გზა იქნებოდა, როგორც „ენჯეოს“ მიერ მურუსიძის სასამართლო „პრავდებოდა“. ეს გზაც ზუსტად იგივე იყო და ჩემთვის ცოტა გაუგებარია, რატომ არ მოუნდათ იმავე გზის გავლა.
ზოგადად, იმ ადამიანის არ მესმის, ვისაც თავისი კეთილსინდისიერების შემოწმების ეშინია და თან მოსამართლეობა უნდა. მთავრობამ შეიძლება თქვას, ამას არ ვიზამო, მაგრამ უცნაურად გამოიყურება, როცა მოსამართლე კეთილსინდისიერების შემოწმების წინააღმდეგია. მოსამართლეები იმის გამო მეცოდებიან, რომ ამ რეალობაში იმის თქმის უფლებაც არ აქვთ, მოდით და შეგვამოწმეთო. „ვეტინგიც“ ისეთივე აბსურდია, როგორც წინა სასამართლო რეფორმები“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.