“როგორც ჩანს, რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობა მოსკოვში მომხდარი ტერაქტის გამოსაყენებლად სერიოზულად ემზადება” – ზაალ კასრელიშვილი

“როგორც ჩანს, რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობა მოსკოვში მომხდარი ტერაქტის გამოსაყენებლად სერიოზულად ემზადება”, – ამის შესახებ უსაფრთხოების საკითხების ანალიტიკოსმა, “კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის” თავმჯდომარემ, ზაალ კასრელიშვილმა მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთის ხელისუფლება ყოველი ტერაქტის შემდეგ ცდილობს, უბედურება თავისი პოლიტიკური მიზნების, საქმიანობის გასამართლებლად გამოიყენოს.

“ამ ტერაქტთან დაკავშირებით სანამ რაიმეს მოგახსენებთ, მინდა, ჩვენი ორგანიზაციის გამგეობის დამოკიდებულება გითხრათ: კატეგორიულად ვგმობთ ტერაქტებს, ტერორისტებს. მიგვაჩნია, რომ ეს არის კრიმინალი, კაცი კვლა, მიუხედავად იმისა, როგორაა შეფუთული რელიგიური, პოლიტიკური თუ ეთნიკური მიზნების მისაღწევად.
საერთაშორისო საზოგადოება ამ მიმართულებით სწორად თანამშრომლობს. დარწმუნებულები ვართ, მათ უკვე იმდენი ინფორმაცია აქვთ, რამდენსაც, სამწუხაროდ,  რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობა არც თავის მოსახლეობას, არც საერთაშორისო საზოგადოებას არასდროს მიაწვდის. ამის მაგალითია 90-იანი წლების შემდეგ რამდენიმე ტერაქტი რუსეთში, მაგალითად, ნორდოსტი, ბესლანი, რომლის გამოძიების შედეგები უკეთეს შემთხვევაში გაყალბდა, უარეს შემთხვევაში დაიმალა.
ტერაქტზე პასუხისმგებლობა “ისლამური სახელმწიფოს” ერთ-ერთმა მიმდინარეობამ აიღო, ჩვენ გვჯერა, რომ ეს ასეა. ასეთი ცივსისხლიანი, უაზრო, არაადამიანური თავდასხმა ბოლო წლების მანძილზე სტამბოლის აეროპორტში მომხდარი ტერაქტი გვახსენდება. მინდა, გარდაცვლილების ოჯახებს მივუსამძიმრო.

ეს ტერაქტი გამოძიების საგანია და არ გვინდა, მოვლენებს გავასწროთ. მიუხედავად იმისა, რომ დაახლოებით მიმართულებები ვიცით, რაზეა ლაპარაკი. მაგრამ გამოძიებამდე არმისულმა რუსეთის პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ, პრეზიდენტიდან დაწყებული პრესსამმსახურით, სხვადასხვა სპეცსამსახურის ხელმძღვანელებით დამთავრებული, განცხადებები გააკეთეს ისეთი, რომ ცდილობენ, “ისლამური სახელმწიფოს” ამ განშტოებას, მის საქმიანობას, ბიოგრაფიას, მის კავშირებს რუსეთთან, სირიასთან, გვერდი აუარონ და ეს ყველაფერი უკრაინას დააბრალონ. საერთაშორისო საზოგადოებას ამის არ სჯერა იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ რამდენიმე ტერაქტის შესახებ რუსეთის პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ 90-იანი წლებიდან დღემდე ინფორმაცია ან გააყალბა, ან დამალა. მეტიც, ყოველი ტერაქტის შემდეგ ცდილობს, ეს უბედურება თავისი პოლიტიკური მიზნების, საქმიანობის გასამართლებლად გამოიყენოს. რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობისთვის განცხადებას იმის შესახებ, რომ ტერორისტებისთვის უკრაინის საზღვარზე კორიდორი უნდა გაეკეთებინათ, ვერ დავეთანხმებით. დაფიქრდით, გეოგრაფიაა, იმისთვის, რომ ტერორისტები უკრაინის საზღვრამდე ჩასულიყვნენ, რუსული არმიის ზურგი უნდა გაევლოთ. რამდენიმე ათეული კილომეტრი ზურგი უნდა გაევლოთ და ვიღაცას იქით კორიდორი უნდა გაეკეთებინა? მაშინ ეს განცხადება ან ზღაპარია, ან წინასწარ იყო დაგეგმილი, რომ ასე უნდა მომხდარიყო, რათა კვალი უკრაინამდე მისულიყო. უკრაინის ხელისუფლებას რუსეთის პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ რაც უნდა დააბრალოს, მის იმიჯზე, საერთაშორისო საზოგადოების განწყობაზე ვერ იმოქმედებს. უბრალოდ, რუსეთის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას უნდა, ეს ტერაქტი უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლ ” ციმბირულ ლეგიონთან”, იქ მეომარ ჩრდილო კავკასიელებთან დააკავშიროს. რამენაირად უნდა, ეს ტანდემი გააკეთოს, ამის შესახებ თეორია შეთხზას, რომელსაც ცივილური სამყარო არ დაიჯერებს, მაგრამ ეს მას შიდა პოლიტიკური ბაზრისთვის სჭირდება. როგორც ჩანს, ამ ტერაქტის გამოსაყენებლად სერიოზულად ემზადება.

ჩვენი აზრით, რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობა, მათ მიერ გაკეთებული განცხადებებიდან გამომდინარე, შეეცდება, ეს ტერაქტი ჩრდილო კავკასიაში ეგზეკუციისთვის გამოიყენოს, საშინელი წნეხის ქვეშ მოაქცევს  განსხვავებული აზრის მქონე ყველა ადამიანს, ადამიანებს, რომლებიც ომს არ ეთანხმებიან, კორუფციით, დუხჭირი ცხოვრებით უკმაყოფილოები არიან. მათ სამიზნეები უკვე ჰყავთ, ამ არჩევნების შემდეგ, ნავალნის სიკვდილის შემდეგ ნათლად ნახეს მოსახლეობის მამაცი ნაწილი, რომელთაც ქუჩაში გამოსვლა და პროტესტის გამოხატვა შეუძლიათ. გარდა ამისა, განსხვავებული მოსაზრებების მქონე ადამიანების მიმართ წნეხი რუსეთის მთელს ტერიტორიაზე იქნება. მოსახლეობის ნაწილს რეპრესიებით გააჩუმებენ, შეაშინებენ, მეორე ნაწილს, რომელიც ზომბირებულია, მეტ მოტივაციას გაუჩენენ. ჩვენი აზრით, ეს ყველაფერი რუსეთის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას სჭირდება იმისათვის, რომ რუსეთის თუ მთელ ტერიტორიაზე არა, უკრაინის მიმდებარე ტერიტორიებზე მაინც საომარი მდგომარეობა გამოაცხადოს, საყოველთაო გაწვევები დაიწყოს. არც იმას გამოვრიცხავთ, ე.წ. კომენდანტის საათი შემოიღონ. შორს ვართ იმ აზრისგან, რომ ეს ტერაქტი თავად მოიწყო, მაგრამ ამას რომ გამოიყენებს, ამის ვერსიები მოგახსენეთ.

რუსეთის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას, პრეზიდენტს განსაკუთრებული გართულება აქვთ იმასთან დაკავშირებით, რომ უკრაინაში “რუსეთის გამათავისუფლებელი ლეგიონი” იბრძვის, რომელთა რიცხვი დღითი დღე იზრდება, გაჩნდა მეომრების მეორე ჯგუფი, “ციმბირული ბატალიონი”, ფორმირების პროცესშია დაღესტნის ბატალიონი, ჩეჩნეთი რამდენიმე ბატალიონითაა წარმოდგენილი, ამასთან, ბელარუსიის ბატალიონიც იბრძვის. რაც უფრო მეტ რეპრესიებს გაატარებს რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობა ამ ტერაქტიდან მოყოლებული, ნოემბრამდე, აშშ-ის პრეზიდენტის არჩევნებამდე (იმედი აქვთ, რომ ბაიდენს აღარ აირჩევენ და გამოსავალს იპოვიან მდგომარეობიდან,რომელშიც თავის სიბრიყვით გაყვეს თავი), რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლ ციმბირულ, კავკასიურ, რუსულ ბატალიონებს მით მეტი ადამიანი შეუერთდება.

გარდა იმისა, რაც მოგახსენეთ, რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობა ამ ტერაქტს, მოსალოდნელ რეპრესიებს მოსალოდნელი ეკონომიკური კრიზისის გადასაფარად გამოიყენებს, რომელიც აპრილ-მაისში დაიწყება და შეუქცევადი პროცესი იქნება.

ჩვენ ეს უბედურება, ღმერთის წყალობით, არ შეგვეხება. არჩევნებამდე გზა მშვიდად, დინჯად უნდა გავიაროთ. საერთაშორისო საზოგადოებას ვაჩვენოთ, რომ არჩევნებს მშვიდობიანად ჩავატარებთ, საქართველოს მოსახლეობას მიეცემა საშუალება, სწორი არჩევანი გააკეთოს მშვიდობისკენ, სტაბილურობისკენ, ჩვენი მხრიდან დავამატებ, ინდუსტრიალიზაციისა და განვითარებისკენ”, – განაცხადა კასრელიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები