თეა წულუკიანი სასოფლო-სამეურნეო მიწის მესაკუთრეობასთან დაკავშირებულ წესებს განმარტავს

უცხოელებს შეეძლებათ სასოფლო-სამეურნეო მიწის მესაკუთრეები გახდნენ საქართველოში, თუკი მათ ექნებათ საქართველოს ტერიტორიაზე აგრარულ სექტორში ხუთწლიანი გამოცდილება, ხოლო ფიზიკური პირის, უცხოელის შემთხვევაში, მას ასევე უნდა ჰქონდეს ან მუდმივი ბინადრობის უფლება საქართველოში, ან საინვესტიციო ბინადრობის უფლება, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც წულუკიანმა აღნიშნა, ამ საკითხში ძლიერდება, როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ასევე შემოდის და ძლიერდება ნოტარიუსის როლი, რომელიც კერძო პირებს შორის, უცხოელსა და ქართველს შორის სასოფლო-სამეურნეო მიწასთან დაკავშირებით ტრანზაქციებზე დამოწმებას განახორციელებს.
“ჩვენ შემოგვაქვს ახალი დათქმა, რომ უცხოელი ფიზიკური პირი, უცხოური იურიდიული პირი, რომელიც დაფუძნებულია საქართველოში და ამაში იგულისხმებიან ის იურდიული პირები, რომელთა 50%-იან პაკეტს ან მეტს ფლობს უცხოელი, მათ ექნებათ უფლება, შეისყიდონ სასოფლო-სამურნეო მიწა, მინიმუმ 5 ჰექტარი და არა ნაკლები და ასევე მაქსიმუმ, ჯამში, 100 ჰა. სერიოზული საინვესტიციო გეგმის არსებობის პირობებში, მთავრობა ინარჩუნებს უფლებას, რომ ამ წესების დაუცველად კონკრეტული პროექტების მქონე ინვესტორებს ხელი შეუწყოს და დართოს ნება, რომ მათ შეძლონ, იყიდონ სასოფლო – სამეურნეო მიწა. ჩვენ შეგვიძლია ცალსახად განვაცხადოთ, რომ ეს არის ყველაზე დაბალანსებული მოდელი, რომელიც, ერთი მხრივ, იცავს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, რომელიც მცირემიწიანი ქვეყანაა და, ამავე დროს, იცავს უცხოელი ინვესტორის ინვესტიციების მოზიდვის და დაცვის ინტერესებს”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები