ეროვნული ბანკის ორგანიზებით ფულის გლობალური კვირეულის ფარგლებში ახალგაზრდებისთვის საჯარო პანელი გაიმართა

საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური განათლების პლატფორმა “ფინედუს” და საქართველოს საბანკო ასოციაციის თანაორგანიზებით “ალტე უნივერსიტეტში” ახალგაზრდა თაობისთვის თემაზე “დაიცავი შენი ფული, დაიცავი შენი მომავალი” საჯარო პანელი გაიმართა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, პანელური ღონისძიება ფულის გლობალური კვირეულის ფარგლებში ჩატარდა.

პანელი, რომელსაც მოდერაციას Business Insider Georgia-ს დამფუძნებელი გიორგი აბაშიშვილი და საბანკო ასოციაციის წარმომადგენელი ინგა ქარჩავა უწევდნენ, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრმა, თეიმურაზ ხომერიკმა გახსნა.

სიტყვით გამოსვლისას მან ფინანსური განათლების მნიშვნელობასა და ამ საქმეში ეროვნული ბანკის როლზე ისაუბრა.

“მიხარია, რომ ფულის გლობალური კვირეულის ფარგლებში დაგეგმილ სხვა ღონისძიებებთან ერთად, ეს საჯარო პანელიც იმართება და გვეძლევა საშუალება სტუდენტებს ვესაუბროთ ისეთ თემებზე, რომლებიც ნებისმიერი სპეციალობისა და ნებისმიერი პროფესიული მიზნების მქონე ადამიანისთვის იქნება აქტუალური, სასარგებლო და მნიშვნელოვანი, რადგან ფული არის თემა, რომელიც ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და მასთან დაკავშირებული ცოდნა ისეთი ცხოვრებისეული კომპეტენციაა, რომელიც ყველას სჭირდება,” – აღნიშნა მან საკუთარ გამოსვლაში.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ საქართველოს საბანკო ასოციაციის, საპენსიო სააგენტოს, საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის, პროკრედიტ ბანკის, საქართველოს ბანკის, ბაზისბანკის, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “ემბისის” და სადაზღვევო კომპანია “უნისონის” წარმომადგენლები. გამომსვლელებმა ისაუბრეს ისეთ თემებზე, როგორებიცაა: კიბერსაფრთხეები სტუდენტებისათვის, პერსონალური მონაცემების დაცვა, ონლაინ ბანკინგისა თუ სოციალური მედიით სარგებლობისას გასათვალისწინებელი უსაფრთხოების რეკომენდაციები, კარიერული შესაძლებლობები კიბერუსაფრთხოების სექტორში, პირადი ფინანსების დაგეგმვა, ადრეული ასაკიდანვე საპენსიო ასაკისთვის მზადების მნიშვნელობა, დაზღვევა და კიბერდაზღვევა. ახალგაზრდებს საშუალება ჰქონდათ, დაესვათ შეკითხვები და მიეღოთ პასუხები სფეროს პროფესიონალებისგან, ასევე, ჩართულიყვნენ შემეცნებითი ხასიათის ქვიზებში და მოეგოთ სამახსოვრო ბრენდირებული საჩუქრები.

ფულის გლობალური კვირეული ცნობიერების ასამაღლებელი საერთაშორისო ღონისძიებაა და მსოფლიოს 170-ზე მეტი ქვეყანა 2012 წლიდან, საქართველო კი – 2014 წლიდან აღნიშნავს. კამპანიის სლოგანია “ისწავლე. დაზოგე. გამოიმუშავე.” და მიზნად ისახავს ბავშვებსა და ახალგაზრდებში მნიშვნელოვანი ფინანსური, ეკონომიკური და სამეწარმეო საკითხების შესახებ ცნობადობის გაზრდასა და პოპულარიზაციას.

წლევანდელი კვირეული 18-24 მარტს ხორციელდება და მისი მთავარი თემა ფინანსური უსაფრთხოებაა. წლევანდელი კამპანიის დევიზია “დაიცავი შენი ფული, დაიცავი შენი მომავალი” (Protect your money, secure your future). კამპანიის ფარგლებში საქართველოს ეროვნული ბანკის ორგანიზებითა და 20-მდე ორგანიზაციის ჩართულობით არაერთი აქტივობაა დაგეგმილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები