ძალიან ბევრს აქვს რუსეთში ახლო კავშირები, მათ შორის ოპოზიციიდან და ჰყავთ დამფინანსებლები, დეტალებში ნუ ჩამიყვანთ, – ასე უპასუხა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც თავდაცვის მინისტრის ყოფილი მრჩევლის დავით ხიდაშელისა და რუსი ბიზნესმენის, ვლადიმერ ევტუშენკოვის მეგობრობის საკითხს შეეხებოდა.
მინისტრის თქმით, დავით ხიდაშელი მისი მრჩეველი არ ყოფილა და შესაბამისად, არ იცის ვისთან აქვს კავშირი და რა ინფორმაციაზე ჰქონდა წვდომა.
„არ ვიცი, ვისთან არის დაკავშირებული. ზეპირად არ ვიცი, თავდაცვის მინისტრს ვინ ჰყავს მრჩეველი, ჩემი მრჩეველი იყო? არ ვიცი, ეს ადამიანი ევტუშენკოვის მეგობარია, თუ სხვა ვიღაცის და როგორ გაგცეთ პასუხი. შეიძლება პირიქით, კარგ საქმეს აკეთებდა. ვთქვათ, რატომ არის ცუდი? თქვენ იცით, რომ ცუდი ადამიანია ის? რუსეთში ძალიან ბევრს აქვს ახლო კავშირები, მათ შორის ოპოზიციიდან და ჰყავთ დამფინანსებლები, დეტალებში ნუ ჩამიყვანთ“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.