მამუკა მდინარაძე – „ნაცმოძრაობაზე“: ყველა წარმატებას უნდა დაარტყან, ეს არის მათი ნიშა

თქვენ იმიტომ გადადიხართ სხვა თემებზე, რომ პოლიციაზე სალაპარაკო არ გაქვთ, რადგან თქვენი პოლიცია იყო სადამსჯელო, სადისტების რაზმი და ჩვენი ხელისუფლების დროინდელ პოლიციას და თქვენ ხელისუფლების პოლიციას შორის ისეთივე განსხვავებაა, როგორც მაშინდელ მინისტრებსა და ვახტანგ გომელაურს შორის არის, – ასე მიმართა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ პლენარულ სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებს.

მდინარაძის თქმით, „ნაცმოძრაობის“ ნიშაა, რომ ხელისუფლების ყველა წარმატებას უნდა დაარტყან.

„ქალთა მიმართ ძალადობაზე ლაპარაკობდნენ, რომ გაზრდილიაო, არადა პირობითი 1000 შემთხვევა რომ იყო და 100 ქალი ძლივს ბედავდა ამის გამხელას, ახლა 100 შემთხვევა რომ არის, 99 ქალი პოლიციაში მიდის. ჩვენ ჩვენი მომავალი თაობის წინაშე უნდა ვიყოთ მართლები და ამას ემსახურება ვახტანგ გომელაური, დღევანდელი მთავრობა. ირაკლი კობახიძემ რომ თქვა ნარკომოვაჭრეებთან დაკავშირებით მკაცრები უნდა ვიყოთო, გამოვარდნენ და ამაზე დაიწყეს ლაპარაკი; 300-მდე ადამიანი ერთ დღეში დააკავა შსს-მ და გამოვარდნენ და მაშინ დაიწყეს რეალიზატორებზე ლაპარაკი; როცა ეკონომიკა წინ წავიდა, მაშინ დაარტყეს ეკონომიკას. ანუ ყველა წარმატებას უნდა დაარტყან, ეს არის მათი ნიშა. ამ დღის წესრიგს უნდა ვუპასუხოთ ჩვენ, ვერ წავუყრუებთ და უნდა ვუთხრათ ამ ახალგაზრდებს, რომ ასეთი მატყუარა ხალხი, ასეთი რამის მკადრებელი ხალხის ხელისუფლებაში არასდროს უნდა მიუშვა“, – აღნიშნა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები