“მეგობრული,  საქმიანი  ურთიერთობა გაგრძელდა, რაც  რეგიონში მშვიდობისა და ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებისთვის აუცილებელია” – ალი ბაბაევი პრემიერის აზერბაიჯანში ვიზიტის შესახებ

“საქართველოს და აზერბაიჯანს შორის მეგობრული,  საქმიანი  ურთიერთობა გაგრძელდა, რაც  რეგიონში მშვიდობისა და ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებისთვის აუცილებელია”, – ამის შესახებ “საქართველოს აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის“ თავმჯდომარემ,   ალი ბაბაევმა მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში  სტუმრობისას განაცხადა.

ბაბაევმა პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძის აზერბაიჯანში ვიზიტი შეაფასა.

“დღევანდელი საუბრის მთავარი თემა საქართველო- აზერბაიჯანის ურთიერთობაა. იცით, რომ საქართველოში მთავრობის მეთაური შეიცვალა. პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძის  პირველი ვიზიტი სტრასბურგში იყო, შემდეგ კი მეგობარ, სანდო პარტნიორ, სტრატეგიულ ქვეყანას ეწვია. საქართველოს პრემიერი  როგორც თავის კოლეგას, პრემიერ ალი ასადოვს, ასევე აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს შეხვდა. შეხვედრა თბილი, მეგობრული, საქმიანი იყო. ძალიან საინტერესო საკითხები იყო განხილული. აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის თბილი ურთიერთობა წინა მეთაურების დროსაც იყო. ეს მეგობრული და საქმიანი  ურთიერთობა გაგრძელდა, რაც  რეგიონში მშვიდობის და ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებისთვის აუცილებელია.   ილჰამ ალიევის გამოსვლისას მთავარ ყურადღებას  იმ ნაწილს მივაქცევდი,  სადაც  მან რეგიონში  საქართველოს როლზე ისაუბრა.   მან ყურადღება გაამახვილა საქართველოზე , როგორც სანდო პარტნიორზე, სტრატეგიულ მეგობარ ქვეყანაზე.
ლიდერებმა რეგიონულ პროექტებზე,    როგორც ენერგეტიკულ, ისე  სატრანსპორტო,   საინვესტიციო საკითხებზე ისაუბრეს.
ლაპარაკი ეკონომიკურ-პოლიტიკურ ურთიერთობებს, სამომავლო გეგმებს შეეხო. ასევე,  ტრანსპორტის როლზე  ისაუბრეს.  იცით,   დიდი ინვესტიციაა ჩადებული, ბაქო -თბილისი -ყარსის რკინიგზა,  როგორც თქვეს, 2 თვეში დამთავრდება.  დიდი მნიშვნელობა  აქვს იმას,  რომ   ტვირთების გადაზიდვის შეფერხება არ იქნება. რა თქმა უნდა,  ეს ორივე ქვეყნისთვის დიდ შემოსავალს მოიტანს

მე,  როგორც  საქართველო მოქალაქემ, მინდა, აღვნიშნო, რომ დღეს საქართველოს და აზერბაიჯანს შორის სახმელეთო  გზა ჩაკეტილია, აზერბაიჯანში ჩასვლა  თვითმფრინავით შეიძლება.  საქართველოში 300 000-ზე მეტი აზერბაიჯანელი  ცხოვრობს, რომელთაც  აზერბაიჯანში ნათესაური ურთიერთობები აქვთ,  გადმოსვლა აზერბაიჯანში მცხოვრებ ქართველებსაც უჭირთ.
ამასთან,  ზაფხული მოდის,  ტურისტული ნაკადი დიდი იქნება.   ორივე ქვეყნის ხელისუფლებას  მივმართავდი,  სახმელეთო გზა რაც მალე გაიხსნება, მოქალაქეების მიმოსვლა იქნება, ეს   როგორც საქართველოს, ისე  აზერბაიჯანს წაადგება”, –  განაცხადა ალი ბაბაევმა.

შეგახსენებთ,  საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკას 16 მარტს ეწვია.
ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს,  ილჰამ ალიევს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ზაგულბას სასახლეში პირისპირ შეხვედრისას ლიდერებმა ხაზი გაუსვეს ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის მაღალ დონეს. აღინიშნა სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში, მჭიდრო თანამშრომლობა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები