მაია ბითაძე: იმედი გვაქვს, საქართველო, უკრაინა და მოლდოვა იქნებიან ერთად ევროინტეგრაციის პროცესში
“ჩვენ იმედი გვაქვს, რომ არ მოხდება საქართველოსთან მოლაპარაკებების გახსნის გადადება და უკრაინა, მოლდოვა და საქართველო იქნებიან ერთად ევროინტეგრაციის პროცესში, რათა ისინი უახლოეს მომავალში ევროპული ოჯახს შეუერთდნენ”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მაია ბითაძემ ბრიუსელში, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, გათვალისწინებული უნდა იყოს, რომ საქართველო ერთ-ერთი მოწინავე სახელმწიფოა ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაციის თვალსაზრისით და ყველა იმ რეკომენდაციის შესრულების კუთხით, რაც გაცემულია.
„მინდა ვისაუბრო გაფართოებაზე და მიღებულ გამოცდილებაზე. ომის მიმდინარეობისას და ტურბულენტურ დროში, ძალიან ძნელია გამოწვევებთან გამკლავება. ჩვენ გვყავს სამი კანდიდატი ქვეყანა ცნობილი „ტრიოს“ სახელით და სამწუხაროდ, გამოვიარეთ პერიოდი, როდესაც „ტრიო“ არ იყო ერთად და დავინახეთ საქართველოს, უკრაინის, მოლდოვას ერთად ყოფნის მნიშვნელობა გაფართოების პაკეტზე ევროკავშირში მომავალ გაწევრიანებაზე საუბრისას. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ დამსახურებაზე დაფუძნებით საქართველოსთან მალე მოლაპარაკებები გაიხსნება კანდიდატის სტატუსის მისაღებად. ევროკომისიის მიერ წარმოდგენილმა 12-მა რეკომენდაციამ ბევრი რამ გვაჩვენა. გვაჩვენა, რომ პოლიტიკურ პროცესს აკლდა პარტიებს შორის თანამშრომლობა და როგორ შეუძლია ამას ნეგატიური გავლენა ჰქონდეს გაწევრიანების პროცესზე. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ და 9 რეკომენდაციის იმპლემენტაციით, რომლის შესრულებაც სავალდებულოა, სხვადასხვა პარტიებს შორის თანამშრომლობა სხვა ეტაპზე იქნება, მაგრამ დღესაც გვაკლია კოლეგები დარბაზში, მიუხედავად იმისა, რომ ისინი აქ იმყოფებიან. არჩევნების წელია ევროპარლამენტში, ბევრ ევროპულ სახელმწიფოში და მინდა ხაზი გავუსვა, რომ არჩევნებმა არ უნდა იმოქმედოს ან არ უნდა შეუშალოს ხელი საქართველოსთან ევროკავშირის წევრობისთვის მოლაპარაკებების გახსნას. გათვალისწინებული უნდა იყოს, რომ საქართველო ერთ-ერთი მოწინავე სახელმწიფოა ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაციის თვალსაზრისით და ყველა იმ რეკომენდაციის შესრულების კუთხით, რაც გაცემულია. 9 რეკომენდაცია იმპლემენტაციის პროცესშია და ძალიან ღია და ტრანსპარანტული გზით ხდება ევროკომისიის მიერ წარდგენილი რეკომენდაციების შესრულება. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ არ მოხდება საქართველოსთან მოლაპარაკებების გახსნის გადადება და უკრაინა, მოლდოვა და საქართველო იქნებიან ერთად ევროინტეგრაციის პროცესში, რათა ისინი უახლოეს მომავალში ევროპული ოჯახს შეუერთდნენ“,- აღნიშნა ბითაძემ.