მიხეილ სააკაშვილი – გვარამია-მელიაზე: დიდი ბიჭები არიან და იმედია, ყველა რისკი კარგად გათვალეს, ახალ პარტიებს 5%-იანი ბარიერის გადალახვა ძალიან გაუჭირდებათ
დიდი ბიჭები არიან და იმედია, ყველა რისკი კარგად გათვალეს, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა „ფორმულასთან“ ინტერვიუში პარტია „ახალზე“ საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, საბოლოო ჯამში, ერთიანობას ალტერნატივა არ აქვს.
„ნიკა გვარამია, ისევე როგორც ნიკა მელია ჩემი მეგობრები არიან. მე და ნიკა გვარამიას ბევრი სხვა საერთო თემა გვაქვს, პარტიების გარდა. ისინი დიდი ბიჭები არიან და იმედია, ყველა რისკი კარგად გათვალეს. ჩემი აზრით, საბოლოო ჯამში, ერთიანობას ალტერნატივა არ აქვს“, – განაცხადა სააკაშვილმა.
როგორც ყოფილმა პრეზიდენტმა აღნიშნა, ყველაზე დიდი რისკი, რომელიც ახლავს ახალი პარტიების წარმოქმნას, ისაა, რომ ხმები არ დაიკარგოს.
„ყველაზე დიდი რისკი, რომელიც ახლავს ახალი პარტიების წარმოქმნას, არის ის, რომ არ დაიკარგოს ხმები, განსაკუთრებით მაღალი გამოცხადების პირობებში. 5-პროცენტიანი ბარიერის გადალახვა მათ ძალიან გაუჭირდებათ“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.