კულტურის სამინისტრომ, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების/სამუზეუმო სფეროში საიუბილეო წიგნ-ალბომების/წიგნების გამოცემის ხელშეწყობის მიზნით, კონკურსი გამოაცხადა

საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრომ გამოაცხადა კონკურსი -„სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების/სამუზეუმო დარგში საიუბილეო წიგნ-ალბომების/წიგნების გამოცემა”.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, კონკურსის მიზანია: ქართული სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების/ხელოვანთა შემოქმედების, მუზეუმების/სამუზეუმო კოლექციების პოპულარიზაცია სხვადასხვა გზით, მათ შორის – სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების განვითარების საეტაპო მნიშვნელობის მოვლენების საიუბილეო თარიღებთან დაკავშირებული წიგნ-ალბომების/წიგნების მომზადება/გამოცემით. გარდა ამისა, კონკურსის მიზანია ქართული სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების, სამუზეუმო კვლევითი საქმიანობისა და გამომცემელთა საქმიანობის ხელშეწყობა.
კონკურსის ბიუჯეტია 200 000 ლარი.
საკონკურსო პროექტი უნდა მოიცავდეს ქვემოჩამოთვლილ ერთ-ერთ ან ორივე კომპონენტს: საიუბილეო წიგნ-ალბომების/წიგნების საბეჭდი ფაილის მომზადება; საიუბილეო წიგნ-ალბომების/წიგნების ფაილის ბეჭდვა/გამოცემა.
კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოში რეგისტრირებულ ფიზიკურ ან იურიდიულ პირებს, რომელთაც მსგავსი პროექტ(ებ)ის განხორციელების გამოცდილება აქვთ, ასევე, ხელოვანს ან, თუ ის გარდაცვლილია, მისი ოჯახის წევრს. ცალკეულ კონკურსანტს შეუძლია მხოლოდ ერთი საპროექტო განაცხადის წარდგენა.
საკონკურსო დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე, უცხოენოვანი დოკუმენტაციის არსებობის შემთხვევაში კი აუცილებელია ქართული თარგმანი. ქართულ ენაზე თარგმნილი დოკუმენტები დამოწმებული უნდა იყოს სანოტარო წესით (გარდა ინგლისური, ფრანგული, გერმანული და რუსული ენებიდან თარგმანისა).
ინფორმაციას სამინისტროში საკონკურსოდ რეგისტრირებული პროექტის შესახებ განიხილავს და შეაფასებს მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული საკონკურსო კომისია.
ინფორმაციისთვის: 2023 წლის კონკურსის ბიუჯეტი ასევე შეადგენდა 200 000 ლარს. კონკურსში მონაწილეობა მიიღო 21-მა ავტორმა. დაფინანსდა შვიდი საიუბილეო გამოცემა:
• ედმონდ კალანდაძის 100 წლისთავის საიუბილეო წიგნი-ალბომი;
• ალექსანდრე კაკაბაძის 70 წლის იუბილესთან დაკავშირებული წიგნი-ალბომი;
• რევაზ თარხან-მოურავის 100 წლისთავის საიუბილეო წიგნი-ალბომი;
• დავით მირიანაშვილის 120 წლისთავის საიუბილეო წიგნი-ალბომი;
• გურამ (ხიტა) ქუთათელაძის საგამოფენო კატალოგი – „ლანდშაფტის მაგია“;
• „ქართული გობელენის ალბომი“;
• კრებული „ART მინიატურა – ქართველი მხატვარი ქალები“.
2022 წლის კონკურსის ბიუჯეტი იყო 150 000 ლარი. კონკურსში მონაწილეობა მიიღო 22-მა ავტორმა. დაფინანსდა შვიდი საიუბილეო გამოცემა:
• რუსუდან გაჩეჩილაძის შემოქმედების წიგნი-ალბომი;
• მუსიკოსის და მხატვრის ,ჯარჯი ბალანჩივაძის, საიუბილეო ფერწერული ალბომი;
• ალექსანდრე ციმაკურიძის პეიზაჟური სკოლის წიგნი-ალბომი;
• გიორგი აფხაზის შემოქმედების წიგნი-ალბომი;
• მამია (ჯემალ) ლოლუას 90 წლის იუბილესთან დაკავშირებული წიგნი-ალბომი;
• მიხეილ ცალქალამანიძის 90 წლის იუბილესთან დაკავშირებული წიგნი-ალბომი;
• მხატვარ ჯემალ კუხალაშვილის წიგნი-ალბომი – „ფერწერის სიმფონია“.
2021 წლის კონკურსის ბიუჯეტი იყო 50 000 ლარი. კონკურსში მონაწილეობა მიიღო 21-მა ავტორმა. დაფინანსდა სამი პროექტი:
• ლადო გუდიაშვილის შემოქმედების წიგნ-ალბომი;
• მხატვარ-გრაფიკოს გიორგი (გოგი) წერეთლის წიგნი-ალბომი;
• „ვაჟა აზარაშვილი 85“ – მომზადდა წიგნის საბეჭდი ვერსია.
საკონკურსო განაცხადები მიიღება 2024 წლის 15 მარტიდან 2024 წლის 25 მარტის 12:00 საათამდე სამინისტროში, მისამართზე: თბილისი, სანაპიროს ქ. №4, ნაბეჭდი სახით, ან სამინისტროს ოფიციალური ელექტრონული ფოსტით – info@culture.gov.ge, ელექტრონული დოკუმენტის სახით. კონსულტაციების მიღება შეიძლება სამინისტროს „ცხელი ხაზის“ საშუალებით, ტელ.: №032 2 022229 ან №577 502 762, სამუშაო საათების განმავლობაში, – ნათქვამია ინფორმაციაში.
ინფორმაცია კონკურსში გამარჯვებული პროექტების შესახებ გამოქვეყნდება სამინისტროს ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე არაუგვიანეს 2024 წლის 4 აპრილისა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2021 წლის 3 ივნისის №7864 ბრძანება „საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ კულტურის სფეროში განსახორციელებელი ღონისძიებების/პროექტების ხელშეწყობის პირობებისა და დაფინანსების წესის შესახებ“ და ფორმულარები იხილეთ ბმულებზე:
დაფინანსების წესი – https://cutt.ly/RwM9pRNu
ფორმულარები – https://cutt.ly/bwM9aEls
საკონკურსო პირობები – https://cutt.ly/6w0XT0cT

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები