კულტურის სამინისტრომ, სამუსიკო სასწავლებლებში ინსტრუმენტების განახლების ხელშეწყობის მიზნით, კონკურსი გამოაცხადა

საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრომ გამოაცხადა კონკურსი – „სამუსიკო სასწავლებლებში ინსტრუმენტების განახლება“.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, კონკურსის მიზანია: უმაღლეს და სკოლისგარეშე სახელოვნებო-საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლებისა და სწავლის ხარისხის გაუმჯობესება; ინფრასტრუქტურული განვითარება, რომელიც მოემსახურება სასწავლებლების ძირითად მიზნებს; მოსწავლეებისა და პედაგოგების მოტივაციის ამაღლება; საშემსრულებლო ოსტატობის სრულყოფისა და შემოქმედებითი საქმიანობის ხელშეწყობა.
კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს – უმაღლეს და სკოლისგარეშე სახელოვნებო-საგანმანათლებლო დაწესებულებებს. კონკურსანტს შეუძლია წარადგინოს მხოლოდ ერთი პროექტი, რომლითაც მოითხოვს მუსიკალურ ინსტრუმენტს ან ინსტრუმენტებს და დაასაბუთებს მათ საჭიროებას.
საკონკურსო დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე. უცხოენოვანი დოკუმენტაციის არსებობის შემთხვევაში აუცილებელია ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი (გარდა ინგლისური, ფრანგული, გერმანული და რუსული ენებიდან თარგმანისა).
კონკურსისთვის გამოყოფილია 300 000 ლარი.
ინფორმაციას სამინისტროში საკონკურსოდ რეგისტრირებული პროექტის შესახებ განიხილავს და შეაფასებს მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული საკონკურსო კომისია.
ინფორმაციისთვის: სამი წლის განმავლობაში კულტურის სამინისტროდან გამოყოფილი 1 400 000 ლარით თბილისსა და საქართველოს შვიდ რეგიონში 35 სამუსიკო გაერთიანებაში შემავალმა 49 სამუსიკო სკოლამ 308 ინსტრუმენტი შეიძინა.
მიმდინარე წელს საკონკურსო განაცხადები მიიღება, 15 მარტიდან 25 მარტის 12:00 საათამდე, სამინისტროში, მისამართზე: თბილისი, სანაპიროს ქ. N4, ნაბეჭდი სახით ან სამინისტროს ოფიციალური ელექტრონული ფოსტით – info@culture.gov.ge, ელექტრონული დოკუმენტის სახით, ხელმოწერილი უფლებამოსილი პირის მიერ, დამოწმებული ორგანიზაციის ბეჭდით (ბეჭდის არსებობის შემთხვევაში) და დასკანერებული. კონსულტაციების მიღება შესაძლებელია სამინისტროს „ცხელი ხაზის“ საშუალებით, ტელ.: №032 2 022229; №599 85 32 88, სამუშაო საათების განმავლობაში.
ინფორმაცია კონკურსში გამარჯვებული პროექტების შესახებ გამოქვეყნდება სამინისტროს ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე არაუგვიანეს 2024 წლის 4 აპრილისა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2021 წლის 3 ივნისის №7864 ბრძანება „საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ კულტურის სფეროში განსახორციელებელი ღონისძიებების/პროექტების ხელშეწყობის პირობებისა და დაფინანსების წესის შესახებ“ და ფორმულარები იხილეთ ბმულებზე:
დაფინანსების წესი – https://cutt.ly/RwM9pRNu
ფორმულარები – https://cutt.ly/bwM9aEls
საკონკურსო პირობები – https://cutt.ly/Xw0XTbnm

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები