კულტურის სამინისტრომ, ხელოვნების სფეროში საგანმანათლებლო პროცესისათვის საჭირო წიგნადი ფონდის განახლების ხელშეწყობისთვის, კონკურსი გამოაცხადა

საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრომ გამოაცხადა კონკურსი – „სახელოვნებო საგანმანათლებლო პროცესისათვის საჭირო წიგნადი ფონდის განახლება (თარგმნა ან/და გამოცემა)“.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, კონკურსისთვის გამოყოფილია 50 000 ლარი. კონკურსის მიზანია ხელოვნების სფეროში განათლების მხარდაჭერა, შესაფერისი სასწავლო ლიტერატურის შექმნა, თარგმნა და გამოცემა, ხელოვნების სასწავლებლების ბიბლიოთეკების წიგნადი ფონდის განახლების ხელშეწყობა.
კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ და ფიზიკურ პირებს. კონკურსანტს შეუძლია მხოლოდ ერთი საპროექტო განაცხადის წარდგენა.
ინფორმაციისთვის: 2022 წელს კონკურსის ჩასატარებლად გამოიყო 50 000 ლარი და 10 დარეგისტრირებული განაცხადიდან გამოვლინდა ოთხი გამარჯვებული პროექტი:
ა) გამოიცა საგანმანათლებლო წიგნი „ქართული შრიფტი გრაფიკოს-დიზაინერებისთვის“;
ბ) გამოიცა სახელმძღვანელო „მსოფლიო თეატრის ისტორია, XX საუკუნის მეორე ნახევარი, პოსტმოდერნისტული და პოსტდრამატული თეატრი, ტომი V“;
გ) რუსული ენიდან ითარგმნა და გამოიცა გაიანე ალიბეგაშვილის სამეცნიერო ნაშრომი – „საერო პორტრეტი შუა საუკუნეების ქართულ მონუმენტურ ფერწერაში“;
დ) გამოიცა ქეთევან ბოლაშვილის „XX საუკუნის მუსიკის ისტორია: ლექციები, I ნაწილი“.
2023 წელს კონკურსის ბიუჯეტი იყო 70 000 ლარი. სამინისტროში შემოვიდა ცხრა საკონკურსო განცხადება და გაიმარჯვა ოთხმა პროექტმა:
ა) გამოიცა სახელმძღვანელო – „არქიტექტურული კონსტრუქციები“;
ბ) ფრანგული ენიდან ითარგმნა და გამოიცა დამხმარე სახელმძღვანელო – „თანამედროვე ცეკვა. ანთოლოგია“;
გ) რუსული ენიდან ითარგმნა გივი ორჯონიკიძის ხელნაწერი და გამოიცა სახელმძღვანელო – „გივი ორჯონიკიძე, ფიქრები მუსიკაზე (წიგნი პირველი)“;
დ) ქართულ ენაზე ითარგმნა და გამოიცა გ. ლეჟავასა და მ. ჯანდიერის წიგნი – „АРХИТЕКТУРА СВАНЕТИИ“, МОСКВА, 1938 Г.
საკონკურსო განაცხადები მიიღება 2024 წლის 15 მარტიდან 2024 წლის 25 მარტის 12:00 საათამდე სამინისტროში, მისამართზე: თბილისი, სანაპიროს ქ. №4, ნაბეჭდი სახით, ან სამინისტროს ოფიციალური ელექტრონული ფოსტით – info@culture.gov.ge, ელექტრონული დოკუმენტის სახით.
კონსულტაციების მიღება შეიძლება სამინისტროს ცხელი ხაზის მეშვეობით. ტელ.: № 032 2 022229, № 599 85 32 88.
ინფორმაცია კონკურსში გამარჯვებული პროექტების შესახებ გამოქვეყნდება სამინისტროს ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე არაუგვიანეს 2024 წლის 4 აპრილისა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
„საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ კულტურის სფეროში განსახორციელებელი ღონისძიებების/პროექტების ხელშეწყობის პირობებისა და დაფინანსების წესის შესახებ“ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2021 წლის 3 ივნისის N7864 ბრძანებით დამტკიცებული დაფინანსების წესი, ფორმულარები და საკონკურსო პირობები იხილეთ ბმულებზე:
დაფინანსების წესი – https://cutt.ly/RwM9pRNu
ფორმულარები – https://cutt.ly/bwM9aEls
საკონკურსო პირობები – https://cutt.ly/Vw0XRLOR

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები