კულტურის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს გამოჩენილი ქართველი სოპრანოს – ლამარა ჭყონიას გარდაცვალების გამო
კულტურის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს სახალხო არტისტის, გამოჩენილი ქართველი სოპრანოს, ლამარა ჭყონიას, გარდაცვალების გამო.
„ლამარა ჭყონია 1956-1960 წლებში იყო თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი, 1960-1968 წლებში – კიევის ოპერის თეატრის სოლისტი. 1987-92 წლებში იყო თბილისის კონსერვატორიის პედაგოგი, 1987 წლიდან – პროფესორი.
1995 -2011 წლებში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა ესპანეთში.
ლამარა ჭყონია იყო რამდენიმე საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი, კერძოდ, პრაღის გაზაფხულის (1960 წ.), სოფიის საერთაშორისო კონკურსის (ბულგარეთი, 1963 წ.) და ტოკიოს ვოკალისტთა კონკურსის (იაპონია, 1967 წ.).
ლამარა ჭყონია იყო ევროპული საოპერო მუსიკის შესანიშნავი შემსრულებელი და ქართული საოპერო რეპერტუარის დიდი ქომაგი. მისი რეპერტუარი მოიცავდა კლასიკური საოპერო მუსიკის შედევრებს, როგორიც არის ჩიო ჩიო სანი (პუჩინი, „ჩიო-ჩიო სანი“), ვიოლეტა (ვერდი, „ტრავიატა“), როზინა (როსინი, „სევილიელი დალაქი“), მარგარიტა (ჰუნო, „ფაუსტი“), ლუჩია (დონიცეტი, „ლუჩია დი ლამერმური“), ტატიანა, იოლანტა (ჩაიკოვსკი, ,,ევგენი ონეგინი“, „იოლანტა“), მანონ ლესკო (მასნე, „მანონ ლესკო“) და სხვა. ასევე წარმატებით ასრულებდა მაროს, ეთერის, მარიხის პარტიებს ზაქარია ფალიაშვილის ოპერებში ,,დაისი“ და „აბესალომ და ეთერი“. იგი წარმატებით გამოდიოდა ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში, ასევე, ჩეხოსლოვაკიის, რუმინეთის, ბულგარეთისა და იაპონიის საოპერო თეატრების სცენებზე.
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო პატივს მიაგებს ლამარა ჭყონიას ხსოვნას და მის ღვაწლს ქართული კულტურის წინაშე და უსამძიმრებს ოჯახსა და ახლობლებს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.