„რუსეთის მხრიდან ბევრი პროვოკაციული გამოვლინება იგრძნობა“

  საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ფრანგულ ტელეარხ „ფრანს 24“-თან ინტერვიუში რუსეთ – საქართველოს ურთიერთობებზე ისაუბრა. პრემიერის განცხადებით, საქართველო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ რუსეთთან ურთიერთობები დაარეგულიროს, თუმცა მიუხედავად ამ ძალისხმევისა, საქართველო რუსეთის მხრიდან ყოველთვის აწყდება პროვოკაციულ ქმედებებს,,- განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ფრანგულ ტელეკომპანიასთან საუბრისას რომლის ქართულ თარგმანს პრემიერის პრესსამსახური ავრცელებს. მისივე თქმით, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ რუსეთისადმი დამოკიდებულება შეცვალა.
“ჩვენ ძალიან კონსტრუქციული გავხდით. თუმცა, მიუხედავად ჩვენი კონსტრუქციული ძალისხმევისა, რუსეთის მხრიდან მაინც იგრძნობა ბევრი პროვოკაციული გამოვლინება. მე ვთქვი პროვოკაცია, ანუ მინდა ვთქვა, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მათ გააგრძელეს მავთულხლართების გაბმა. ეს ჩვენი ტერიტორიებია, მათ ეს გააკეთეს 45 კილომეტრზე. ხედავთ, ეს გააკეთეს 2013 წელს”, – აღნიშნა საქართველოს პრემიერმა. ღარიბაშვილის განცხადებით, ორი კვირის წინ რუსეთმა აფხაზეთში საზღვრები ტერიტორიის შიგნით 11 კილომეტრზე გადაწიეს, თუმცა თქვეს, რომ ეს დროებითია. “მაგრამ არავინ იცის, ეს დროებითია თუ მუდმივი”, – დასძინა ირაკლი ღარიბაშვილმა. ჟურნალისტის კითხვაზე, რჩება თუ არა ამით ისეთი შთაბეჭდილება, რომ ეს ტერიტორიების მიტაცების ნელი პროცესია, საქართველოს პრემიერმა განაცხადა, რომ ეს ასეა. ამასთან, ჟურნალისტის შეკითხვაზე, რომ საქართველო რუსეთს დაპირდა დახმარებას იმ ზონის უსაფრთხოების დაცვაში, რომელიც 460 კილომეტრითაა დაშორებული თბილისიდან, საქართველოს პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველო იყო და ყოველთვის მზად იქნება რუსეთთან თანამშრომლობისთვის. “ჩვენ ვთქვით, რომ ჩვენ ვიყავით და ყოველთვის ვიქნებით მზად თანამშრომლობისთვის. არაფერს არ დავპირებივართ. უბრალოდ ვთქვით, რომ მზად ვართ თანამშრომლობისთვის უსაფრთხოების საკითხებში. იქიდან გამომდინარე, რომ იქ არის ტერორისტებისა და მათი საფრთხე, სწორედ ამიტომ შევთავაზეთ ეს”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ძალზე რთული იყო სოჭის ოლიმპიადაზე ქართველი სპორტსმენების მონაწილეობის გადაწყვეტილების მიღება და ის, რომ საქართველოს არ გაეპროტესტებინა სოჭის ოლიმპიადა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები