იოსებ ბაღათურიასა და პერუს რესპუბლიკის ელჩს შორის გაცნობითი შეხვედრა გაიმართა
საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველმა მოადგილემ იოსებ ბაღათურიამ პერუს რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში, ცეზარ აუგუსტო დე ლას კასას დიასთან, გაცნობითი შეხვედრა გამართა.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის კულტურისა და სპორტის მიმართულებით თანამშრომლობისა და პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.
„იოსებ ბაღათურიამ ელჩთან სამინისტროს საქმიანობა მიმოიხილა. მინისტრის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, რომ 2024 წლის 22-26 მაისს საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის 19 სპორტსმენი პერუს ძალოსნობის ფედერაციის, სპორტის ინსტიტუტისა და ოლიმპიური კომიტეტის მიწვევით მონაწილეობას მიიღებს ჭაბუკ ძალოსანთა მსოფლიოს ჩემპიონატზე (IWF World Youth Championships).
პერუს რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ცეზარ აუგუსტო დე ლას კასას დიასმა თავის მხრივ პერუს მთავრობის მიერ კულტურისა და სპორტის სფეროების მართვის სპეციფიკაზე ისაუბრა. ასევე, პერუს რესპუბლიკის ელჩმა კინოინდუსტრიის სფეროში საქართველოსთან თანამშრომლობის შესაძლებლობებზე გაამახვილა ყურადღება და მხარეები შეთანხმდნენ ამ მიმართულებით სამომავლო კონსულტაციებზე.
იოსებ ბაღათურიამ პერუს რესპუბლიკის ელჩთან აღნიშნა, რომ საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო მიესალმება პერუს რესპუბლიკასთან კულტურისა და სპორტის მიმართულებით თანამშრომლობის გააქტიურებას და საერთო პროექტების განხორციელებას“, – აღნიშნულია კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.