საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილის განცხადებით, ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკისთან და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩ პეტერ ფიშერთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ ევროკავშირსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში გამართულ ვიზიტებსა და შეხვედრებში ყოფილი პროკურორის, ზურაბ ადეიშვილის მონაწილეობის გამო ქართული მხარე შეშფოთებულია.
მინისტრის თქმით, ადამიანები, რომლებიც მძიმე დანაშაულებში არიან ეჭვმიტანილნი და ბრალდებულნი, პარტნიორი, მეგობარი ქვეყნების გამართულ ღონისძიებებში არ უნდა მონაწილეობდნენ.
„დღეს დილით მქონდა შეხვედრა საქართველოში ევროკავშირის ელჩთან, ასევე, გერმანიის ელჩთან. ამ შეხვედრების ფორმატში გამოვხატეთ ჩვენი შეშფოთება იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომლის მომსწრენიც გავხდით და ვნახეთ ის ადამიანი, რომელიც კონკრეტულ შეხვედრებში მონაწილეობდა. მასთან მიმართებით ჩვენი პოზიცია ცალსახაა.
ჩვენ მიგვაჩნია და გვაქვს ეს პოზიცია ჩამოყალიბებული, რომ საქართველოს კანონმდებლობით, მსჯავრდებული ადამიანები, რომლებიც ძალიან მძიმე დანაშაულებში არიან ეჭვმიტანილი და ბრალდებული, მსგავსი ტიპის საჯარო აქტივობებში არ უნდა მონაწილეობდნენ ჩვენს პარტნიორ, მეგობარ ქვეყნებში. შესაბამისად, მქონდა შესაძლებლობა, ელჩებთან ამ საკითხზე კონკრეტულად მესაუბრა.
ზოგადად, ბოლო პერიოდში, გვახსოვს კიდევ სხვა ადამიანებიც, რომლებიც თავისუფლად გადაადგილდებიან ევროკავშირის შიგნით, რომელთა მიმართაც მძიმე პრეტენზიები და მძიმე ბრალდებები არსებობს.
შესაბამისად, აუცილებლად ვფიქრობთ, რომ მსგავსი ტიპის რეაქცია ჩვენს მეგობრებთან უნდა გამოგვეხატა, რადგან ჩვენთვის მიუღებელია, ძალიან მძიმე დანაშაულებში ბრალდებული ადამიანები იღებდნენ ასეთი ტიპის საჯარო ღონისძიებებში მონაწილეობას, ესწრებოდნენ შეხვედრებს, რომელსაც მართავენ ჩვენი უახლოესი მეგობრები და პარტნიორები“,- განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.