ზურაბ აბაშიძე: 2012 წლის შემდეგ 12 წელი გავიდა, ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული – გიორგი ქაჯაია სერიოზული ადამიანია და ვფიქრობ, ის შესაბამისად წარუძღვება საქმიანობას

“მე მართლაც რამდენიმე თვის წინ მივმართე ირაკლი ღარიბაშვილს, მაშინდელ პრემიერმინისტრს თხოვნით, წინადადებით, რომ გვეფიქრა ახალ პიროვნებაზე ამ თანამდებობისთვის. ლოგიკა ძალიან მარტივი იყო, 2012 წლის შემდეგ გავიდა 12 წელი, ყველაფერს აქვს დასაწყისი, დასასრული”, – ამის შესახებ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერმინისტრის ყოფილმა სპეციალურმა წარმომადგენელმა, ზურაბ აბაშიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობაზე დანიშნული გიორგი ქაჯაია დიდი გამოცდილების მქონე, კვალიფიციური კადრია.

„მან დადებითად მიიღო ეს ჩემი წინადადება და, ბუნებრივია, ასეთ შემთხვევაში ჩნდება კითხვა, ვინ იქნება შემცვლელი. დასახელდა გიორგი ქაჯაიას კანდიდატურა, რომელიც ჩვენი სექციის ხელმძღვანელი გახლდათ მოსკოვში 4 წლის განმავლობაში, მაგრამ ის უნდა დაბრუნებულიყო საქართველოში. გიორგი დაბრუნდა, ამ წლის იანვარში დაუსრულდა მას იქ მუშაობის ვადა და ახლა ის ინიშნება ამ თანამდებობაზე. მას მე წლებია ვიცნობ, ის მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისტროში, დიდი გამოცდილება აქვს, მუშაობდა უშიშროების საბჭოში. კარგად იცნობს ამ თემას, კვალიფიცირებული და სერიოზული ადამიანია და ვფიქრობ, ის შესაბამისად წარუძღვება ამ საქმიანობას“, – განაცხადა აბაშიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები