საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, IFC-სა და სხვა პარტნიორებთან თანამშრომლობით, მდგრადი დაფინანსების ფორუმს უმასპინძლა
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მდგრადი დაფინანსების რიგით მეხუთე ფორუმს უმასპინძლა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ორდღიანი ღონისძიება საერთაშორისო საფინანსო კორპორაციასთან (IFC), IFC-ის პარტნიორ შვეიცარიის ეკონომიკურ საქმეთა სახელმწიფო სამდივნოსთან (SECO), და IFC-ის მხარდაჭერით მოქმედ მდგრად საბანკო და საფინანსო ქსელთან (SBFN) თანამშრომლობით გაიმართა.
ფორუმს 15 ქვეყნიდან 200-ზე მეტი მონაწილე დაესწრო, მათ შორის, ევროკავშირისა და SBFN-ის წევრი ქვეყნებისა და ცენტრალური ბანკების მაღალი რანგის წარმომადგენლები, ადგილობრივი ფინანსური ინსტიტუტები, საერთაშორისო ორგანიზაციები, კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენლები, უნივერსიტეტები და სხვა დაინტერესებული მხარეები.
ღონისძიება საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცეპრეზიდენტმა, ეკატერინე მიქაბაძემ გახსნა.
მისასალმებელ სიტყვაში ეკატერინე მიქაბაძემ მდგრადი დაფინანსების მიმართულებით ეროვნული ბანკის მიერ გადადგმულ ნაბიჯებსა და მიღწევებს გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ მდგრადი დაფინანსების კუთხით შესამჩნევი პროგრესია მიღწეული.
“ეროვნული ბანკი კვლავ რჩება მდგრადი დაფინანსების ჩარჩოს განვითარების ერთგული და ამ პროცესში პარტნიორებთან თანამშრომლობას განსაკუთრებული ადგილი უკავია. მოხარულები ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, შევუერთდეთ პარტნიორ ქვეყნებს მდგრადი ფინანსების მიმართულებით გაწეულ აქტივობებში და დღევანდელი ფორუმი ფასდაუდებელ შესაძლებლობას იძლევა გამოცდილების გაზიარების, ახალი გამოწვევების გამოვლენისა და საქართველოში მდგრადი დაფინანსების მომავლის ერთობლივად ჩამოყალიბებისათვის”, – განაცხადა ეკატერინე მიქაბაძემ.
ფორუმზე დისკუსიები გაიმართა მდგრადი დაფინანსების ჩარჩოს შემუშავების მიმართულებით არსებული გამოცდილების შესახებ. მონაწილეებმა ასევე განიხილეს ამ მიმართულებით არსებული უახლესი მოვლენები და გამოწვევები, განსაკუთრებით განვითარებად ქვეყნებში. დისკუსიები მოიცავდა ისეთ თემებს, როგორიცაა მარეგულირებლებისა და ბაზრის მონაწილეების მიერ ESG და კლიმატთან დაკავშირებული რისკების მართვა, ტაქსონომიების როლი მდგრადი დაფინანსების უზრუნველყოფაში და გამჟღავნებისა და გამჭვირვალობის მნიშვნელობა. გარდა ამისა, დისკუსიების დროს საუბარი შეეხო კერძო სექტორის პერსპექტივებს მდგრად დაფინანსებასთან დაკავშირებული გამოწვევებისა და შესაძლებლობების შესახებ. ამ მიმართულებით მონაწილეებმა აუდიტორიას თავისი სამომავლო გეგმები და პროექტებიც გაუზიარეს.
როგორც IFC-ის რეგიონულმა მენეჯერმა სამხრეთ კავკასიაში ივანა ფერნანდეს დუარტემ აღნიშნა, მდგრად გადაწყვეტილებებს მილიარდობით დოლარის ღირებულების ინვესტიციები სჭირდება და ფინანსურ სექტორს გადამწყვეტი როლი აქვს მათ მოზიდვაში.
“ეს მოითხოვს ცენტრალური ბანკების, ფინანსთა სამინისტროების, კაპიტალის ბაზრის მარეგულირებლებისა და საბანკო ასოციაციების კოორდინირებულ ერთობლივ ძალისხმევას. აქამდე მიღწეული პროგრესი შთამბეჭდავია, თუმცა შესაძლებლობებისთვის ზღვარი არ არსებობს და ეს ფორუმი კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია მეტის მისაღწევად”, – აღნიშნა ივანა ფერნანდეს დუარტემ.
საქართველოს ეროვნული ბანკისა და IFC-SBFN-ის მდგრადი დაფინანსების ფორუმი ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელსაც საფუძველი 2018 წელს ჩაეყარა. საქართველოსა და სხვა მზარდი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში მდგრადი დაფინანსების განვითარების მიმართულებით ნაყოფიერი დისკუსიებისთვის სხვადასხვა დაინტერესებული მხარეებისთვის ფორუმი მნიშვნელოვანი პლატფორმა გახდა. ფორუმი მომავალშიც გააგრძელებს უახლესი გლობალური ტენდენციებისა და SBFN-ის წევრი 66 ქვეყნის გამოცდილების გაზიარებას.