მარჯანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად გოგი მარგველაშვილი დაინიშნა

საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს სსიპ თბილისის კოტე მარჯანიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად მომდევნო ოთხი წლით რეჟისორი გოგი მარგველაშვილი დაინიშნა,- ამის შესახებ ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.
„გოგი მარგველაშვილის პროფესიული საქმიანობა ქართულ თეატრსა და ნიჭიერი თაობების აღზრდას უკავშირდება. თბილისის სახელმწიფო თეატრალურ ინსტიტუტში დრამის რეჟისორის სპეციალობის დაუფლების შემდეგ იქვე დაიწყო პედაგოგიური საქმიანობა. 2001-2005 წლებში იყო მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის მთავარი რეჟისორი, 2005-2009 წლებში – ამავე თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, 2014-2020 წლებში – შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი. 2009 წლიდან დღემდე ის ა. გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო თეატრის მთავარი რეჟისორია, 2023 წლის აპრილიდან კი არის საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე.
გოგი მარგველაშვილი არაერთი პრემიისა და ჯილდოს მფლობელია. მათ შორის არის: თეატრის მოღვაწეთა კავშირის პრემია რეჟისორული ნამუშევრისათვის (1994 წ.), რუსთავის თეატრალური ფესტივალის პრემია საუკეთესო რეჟისურისათვის (1996 წ.), საქართველოს თეატრის მოღვაწეთა კავშირის პრიზი საუკეთესო რეჟისორული ნამუშევრისათვის (2001 წ.), პრიზი საუკეთესო ექსპერიმენტული რეჟისურისათვის (რუსთავის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი, 2004 წ.) და სხვა.
გოგი მარგველაშვილი კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად მომდევნო ოთხი წლის ვადით საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრმა მისთვის კანონით მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილების შესაბამისად დანიშნა“, – აღნიშნულია საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები