“ადამიანებში ალერგიულ რეაქციებს, სასუნთქი სისტემების დაზიანებას იწვევს” – ნინო ჩხობაძე ჰაერის ტრანსსასაზღვრო დაბინძურების შესახებ საუბრობს

გარემოსდაცვითი საკითხების ექსპერტის, ორგანიზაცია „საქართველოს მწვანეები-დედამიწის მეგობრების“ თავმჯდომარის, ნინო ჩხობაძის განცხადებით,
დედაქალაქში მაღალსართულიანი მშენებლობის შედეგად ქალაქს განიავება აღარ აქვს. ჩხობაძის განმარტებით, ეს იმას იწვევს, რომ მყარი ნაწილაკების მომატების და ტრანსსასაზღვრო დაბინძურების შეგრძნების დონე უფრო ნათელი ხდება.
მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ჩხობაძემ დედაქალაქსა და ქვეყნის ზოგიერთ რაიონში დაფიქსირებული ჰაერის ტრანსსასაზღვრო დაბინძურების შესახებ ისაუბრა.

მისი თქმით, პრობლემები წარმოშობილია იმ ნაკადების გამო, რომელიც ბოლო პერიოდში გლობალური კლიმატური ცვლილების ფონზე ხდება.
„ჩვენ ორი ნაკადი გვაქვს ისეთი, რომელიც შესაძლებელია, ტრანსსასაზღვრო დაბინძურების ნაწილად ჩავთვალოთ. ერთი მოდის აფრიკიდან, მეორე ნაკადი კი არის ცენტრალური აზიიდან. ბოლო პერიოდში ძალიან ხშირად ფიქსირდება, შარშან და შარშანწინ რამდენჯერმე იყო. ახლა ნაკლებად არის ბურუსი, მაგრამ შარშან და შარშანწინ რამდენჯერმე, 3-4 დღის განმავლობაში ბურუსი მთლიანად ქალაქში იყო. ყველას ეგონა, რომ ეს ქალაქის სმოგი იყო, რაც აგრეთვე არ არის გამორიცხული. უბრალოდ, შემოსული ნაწილაკების და ჩვენის, არსებულის ერთმანეთთან შერევა ხდება და ამ შემთხვევაში ჰაერის გამჭვირვალობა ნაკლებია. PM-ის მომატება ნიშნავს, რომ ჩვენ ბურუსს ფიზიკურად ვხედავთ.

ეს პრობლემები წარმოშობილია იმ ნაკადების გამო, რაც ბოლო პერიოდში ხდება გლობალური კლიმატური ცვლილების ფონზე. იმიტომ, რომ თვითონ ატმოსფეროში, ტროპოსფეროში და ზოგადად სტრატოსფეროში ისეთი მოვლენებია დედამიწის გარშემო, განსაკუთრებით, მთელ ატმოსფეროში, რომ ზუსტი პროგნოზირება ვერ კეთდება, რა და როგორ უნდა ხდებოდეს. ძალიან სწრაფად იცვლება ქარის მოძრაობის სურათი, მთლიანად დედამიწაზე ქარის მოძრაობა შეცვლილია.

ჩვენ დედაქალაქში მაღალსართულიანი მშენებლობის შედეგად ქალაქს განიავება აღარ აქვს. შესაბამისად, ეს იმას იწვევს, რომ PM-ების მომატების და ტრანსსასაზღვრო დაბინძურების შეგრძნების დონე უფრო ნათელი ხდება. რას იწვევს ეს საბოლოო ჯამში? ეს ბევრ შემთხვევაში ადამიანებში ალერგიულ რეაქციებს, სასუნთქი სისტემების დაზიანებას იწვევს, ეს განსაკუთრებით, უფრო რთულად ასთმური მოვლენების მატარებლებს გადააქვთ. ამ შემთხვევაში ორი ფაქტორია, ერთი, რომ PM არის ტრანსსასაზღვრო დაბინძურების შედეგად შემოსული, მეორე კი ის, რომ PM შეიძლება, ტრანსპორტიდან დაბინძურების შედეგად გაიზარდოს, ანუ ეს ყველაფერი ერთმანეთს ედება, რაც, რა თქმა უნდა, არასასიამოვნო განცდებს იწვევს, ადამიანებს ზოგადად სუნთქვა ეკვრებათ და ვერ სუნთქავენ ისე, როგორც საჭიროა. თან იმ ფონზე, რომ ქალაქში განიავება არასწორი განაშენიანების შედეგადაა შემცირებული, ეს ყველაფერი იწვევს ამ შედეგებს, რომ ქალაქში ძალიან ბევრ ადამიანს უკვე ცხოვრება უჭირს”, – განაცხადა ჩხობაძემ.

ჩხობაძემ იმ რეკომენდაციების შესახებ ისაუბრა, რომელთა დაცვაც ჰაერის ტრანსსასაზღვრო დაბინძურების დროსაა მიზანშეწონილი.

“არსებობს სხვადასხვა ტიპის რეკომენდაციები – ამ დროს ცდილობენ, რომ მსგავს ადგილებს გაერიდონ, მეორე რეკომენდაცია არის სველი საფენები, რომელიც ზოგჯერ შველის და პირბადეები, რომელიც ამ სიტუაციაში აგრეთვე შველის. პირველ ყოვლისა, რეკომენდაცია რა არის, რომ მაქსიმალურად შევეცადოთ, პატარებს მტვერი ავარიდოთ, სეირნობა შესაძლებელია ძალიან ადრე, დილით , ან ძალიან გვიან, როცა ასე ვთქვათ, ეს ნაწილაკები უფრო დალექილია. პირდაპირ ვერავინ ვერ იტყვის, ეს ასე გავაკეთოთ, თუ ისე. კიდევ ერთი, თბილისში გამწვანების კოეფიციენტი უფრო მაღალი უნდა იყოს. მცენარეები გვშველის, ამ შემთხვევაში როგორც ფილტრატები მუშაობენ“, – განაცხადა ნინო ჩხობაძემ.

ცნობისთვის, გარემოს ეროვნულმა სააგენტომ რამდენიმე დღის წინ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, საქართველოს ზოგიერთ რაიონში, ასევე, დედაქალაქში, ატმოსფერულ ჰაერში მყარი ნაწილაკების (PM10, PM2.5) შემცველობის მატება ფიქსირდება, რაც, შესაძლებელია განპირობებული იყოს სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან უდაბნოს მტვრის მასების გავრცელებით.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები