კულტურის სამინისტრომ, პროფესიული თეატრების შემოქმედებითი საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით, კონკურსი გამოაცხადა  

საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრომ გამოაცხადა კონკურსი – „პროფესიული თეატრების შემოქმედებითი საქმიანობის ხელშეწყობა სადადგმო ან სხვა ხარჯით“.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით,  წელს კონკურსისთვის განკუთვნილი ბიუჯეტი 200 000 ლარს შეადგენს და მისი მიზანია საქართველოს პროფესიულ თეატრებში ახალი შემოქმედებითი ინიციატივების განხორციელება; ახალი ფორმების, გამომსახველობითი ხერხებისა და საშუალებების, ხელოვანთა ახალი სახელების წარმოჩენა; ქართული თეატრის რეპერტუარის გამრავალფეროვნება – ახალი დადგმებით გამდიდრება.
„2023 წელს ამ კონკურსის ბიუჯეტი იყო 200 000 ლარი და, შემოსული 29 საკონკურსო განაცხადიდან, დაფინანსდა 10 პროექტი. 2022 წელს ბიუჯეტი იყო 221 000 ლარი და შემოსული 27 საკონკურსო განაცხადიდან დაფინანსდა 12; 2021 წელს კონკურსის ბიუჯეტი შეადგენდა 200 000 ლარს და შემოსული 44 საკონკურსო განაცხადიდან გაიმარჯვა 11-მა პროექტმა.
წლევანდელი კონკურსის პირობების თანახმად, საკონკურსოდ მიიღება პროექტები, ძირითადად, სადადგმო ხარჯების მოსაპოვებლად, თუმცა, შესაძლებელია, დაფინანსდეს სხვა ხარჯებიც. კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ პროფესიულ თეატრებს, განურჩევლად სამართლებრივი სტატუსისა. ცალკეულ კონკურსანტს შეუძლია მხოლოდ ერთი საპროექტო განაცხადის წარმოდგენა.
კონკურსში შეიძლება უპირატესობა მიენიჭოს პროექტს, რომელიც ხელს უწყობს პროფესიული თეატრის შემოქმედებით მდგრადობას; თეატრის შენობის მიღმა, ნებისმიერ სივრცეში, ან სხვა დასახლებაში, სპექტაკლის დადგმას; სსიპ პროფესიულ თეატრში მოწვეული რეჟისორის მიერ სპექტაკლის დადგმას.
საკონკურსო განაცხადები მიიღება 2024 წლის 5 მარტიდან 2024 წლის 14 მარტის 12:00 საათამდე სამინისტროში, მისამართზე: თბილისი, სანაპიროს ქ. N4, ნაბეჭდი სახით, ან სამინისტროს ოფიციალური ელექტრონული ფოსტით – info@culture.gov.ge ელექტრონული დოკუმენტის სახით. კონსულტაციების მიღება შესაძლებელია სამინისტროს ცხელი ხაზის საშუალებით, ტელ.: 032 202 2229 ან 599 14 32 48. ინფორმაცია კონკურსში გამარჯვებული პროექტების შესახებ გამოქვეყნდება სამინისტროს ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე არაუგვიანეს 2024 წლის 27 მარტისა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2021 წლის 3 ივნისის N7864 ბრძანება „საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ კულტურის სფეროში განსახორციელებელი ღონისძიებების/პროექტების ხელშეწყობის პირობებისა და დაფინანსების წესის შესახებ“ და ფორმულარები იხილეთ ბმულებზე:

დაფინანსების წესი – https://cutt.ly/RwM9pRNu 

ფორმულარები – https://cutt.ly/bwM9aEls

საკონკურსო პირობები- https://cutt.ly/3wM9dWIz

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები