საკრავიერი მუსიკის სანოტო კრებულის წარდგენა გაიმართება

5 მარტს, 19:00 საათზე, ხელოვნების სასახლის ქართული ხალხური სიმღერისა და საკრავების მუზეუმში საკრავიერი მუსიკის სანოტო კრებულის წარდგენა გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, კრებული 2023 წლის დეკემბერში, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით გამოიცა და ცნობილი ეთნომუსიკოლოგისა და საკრავიერი მუსიკის მკვლევრის, მანანა შილაკაძის ხსოვნას მიეძღვნა.
სანოტო კრებული ანთოლოგიური ტიპის გამოცემაა, რომელშიც გარდა 1900-იანი წლებიდან დღემდე სხვადასხვა სანოტო კრებულში გამოქვეყნებული მასალებისა, შესულია გამოუქვეყნებელი და ახლად ნოტირებული ნიმუშებიც.
კრებულში თავმოყრილია ინსტრუმენტული მუსიკის 197 ნიმუში ყველა ქართულ საკრავზე: ლარჭემი, სოინარი, უენო და ენიანი სალამური, პილილი, აჭარპანი, ყავალი, გუდასტვირი, ჭიბონი, ჩანგი, ფანდური, ჩონგური, ჭიანური, ჭუნირი, გარმონი, დაირა, დოლი; აგრეთვე ინსტრუმენტული ანსამბლები და სიმღერები საკრავის თანხლებით.
წიგნი შედგება წინათქმის, სამეცნიერო ნაწილის, უშუალოდ სანოტო კრებულისა და ანოტაციებისაგან.
კრებული ორენოვანია, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საკრავიერი მუსიკის პოპულარიზებას პრაქტიკოს-შემსრულებლებსა თუ სამეცნიერო წრეებში როგორც საქართველიში, ისე – საერთაშორისო ასპარეზზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები