თეატრმცოდნე ნოდარ გურაბანიძე გარდაიცვალა

კულტურის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოხატავს ცნობილი ქართველი თეატრმცოდნის, ნოდარ გურაბანიძის, გარდაცვალების გამო. საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო პატივს მიაგებს ნოდარ გურაბანიძის ღვაწლს და  უსამძიმრებს მის ოჯახს, მეგობრებს, კოლეგებს.
ნოდარ გურაბანიძე იყო თეატრმცოდნე, პედაგოგი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, პროფესორი.
განუზომელია ნოდარ გურაბანიძის ღვაწლი ქართული თეატრმცოდნეობისა და სათეატრო ხელოვნების განვითარებაში. მის ათეულობით მონოგრაფიასა თუ ნარკვევებში, კრიტიკულ წერილებსა და რეცენზიებში აისახა ქართული თეატრის ცხოვრება და სცენის გამოჩენილ ოსტატთა შემოქმედება. იგი გამოირჩეოდა პროგრესული იდეებით, მასშტაბური აზროვნებითა და ღრმა ანალიზით. მის ნააზრევში ქართული თეატრალური მოვლენები განხილულია მსოფლიოს თეატრალური ტენდენციების გათვალისწინებით. მისი პროფესიული ინტერესი, თეატრთან ერთად, ეხებოდა თანამედროვე ქორეოგრაფიას, კინემატოგრაფიას, სახვით და პლასტიკურ ხელოვნებას.
ათწლეულების მანძილზე ეწეოდა ნაყოფიერ პროფესიულ და საზოგადოებრივ საქმიანობას. სხვადასხვა დროს იყო გამომცემლობა „ხელოვნების“ დირექტორი, საქართველოს კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე, ჟურნალ „ხელოვნების“ მთავარი რედაქტორი, თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორი სამეცნიერო დარგში. ამ უნივერსიტეტში მან თეატრმცოდნეთა თაობები აღზარდა.
ნოდარ გურაბანიძემ საკუთარ ნაშრომებში შთამბეჭდავად ასახა ქართული თეატრის საერთაშორისო წარმატებაც. იყო რუსთაველის თეატრის თითქმის ყველა უცხოური ტურნეს ხელმძღვანელი და მონაწილე. წიგნებში – „გამარჯვების გზით“ და „ავსტრალიიდან ამერიკამდე“ აღწერა რუსთაველის თეატრის ტრიუმფი თითქმის მთელ მსოფლიოში.
ნოდარ გურაბანიძე იყო ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, კოტე მარჯანიშვილის, საქართველოს სახელმწიფო და შოთა რუსთაველის სახელობის პრემიების ლაურეატი, ღირსების ორდენის კავალერი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები