საქართველოს დამსახურებული მხატვარი გიორგი (გოგი) წერეთელი დღეს 80 წლის გახდებოდა

საქართველოს დამსახურებული მხატვარი გიორგი (გოგი) წერეთელი დღეს 80 წლის გახდებოდა.
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო პატივს მიაგებს დიდი ხელოვანის, გიორგი წერეთლის, ღვაწლს და ქართული კულტურისა და ხელოვნების წინაშე მის დამსახურებას.
გიორგი (გოგი) წერეთელმა XX საუკუნის 60-70-იანელთა თაობის ქართველ გრაფიკოს მხატვრებს შორის განსაკუთრებული ადგილი დაიმკვიდრა. მან თბილისის სამხატვრო აკადემია დაამთავრა. მუშაობდა მხატვარ-რედაქტორად სხვადასხვა გამომცემლობასა და ჟურნალში. იყო გამომცემლობა „საბჭოთა საქართველოს“ მხატვარ-რედაქტორი, მწერალთა კავშირის მთარგმნელობითი კოლეგიის მხატვარი, 1977 წლიდან – ჟურნალ „ცისკრის“ მხატვრული რედაქტორი.
გიორგი წერეთელი სტუდენტობის წლებიდანვე აქტიურად მონაწილეობდა საკავშირო და საერთაშორისო ჯგუფურ გამოფენებში. უცხოეთში გაიმართა ახალგაზრდა მხატვრის რამდენიმე პერსონალური გამოფენაც და მაშინვე ცხადი გახდა, რომ იგი თავისი თაობის ერთ-ერთ გამორჩეულ, განსაკუთრებული ხელწერის ხელოვანად ჩამოყალიბდებოდა.
მრავალრიცხოვანია ამ პერიოდში მხატვრის მიერ დაზგურ ფერწერასა და გრაფიკაში შექმნილი ნამუშევრები, რომლებიც ლირიზმითა და პოეტურობით გამოირჩევა. 1990-იან წლებში მხატვარი, ძირითადად, ნახატის აბსტრაჰირების ხერხს მიმართავს. ამ პერიოდში შექმნილი დიდი ზომის ოფორტების სერიები მაღალმხატვრული ოსტატობით, ლაქობრივი ფერადოვნებითა და გრაფიკული ლაკონურობით ხასიათდება. მრავალფეროვანია დაზგურ გრაფიკაში მისი ტექნიკა: ოფორტი, ლინოგრავიურა, ლითოგრაფია… 2000-იანი წლებიდან გიორგი წერეთელი წიგნების მხატვრული გაფორმებით დაინტერესდა. ქმნიდა ილუსტრაციებსა და ექსლიბრისებს.
მხატვრის ნამუშევრები დაცულია მსოფლიოს სხვადასხვა მუზეუმსა და კერძო კოლექციაში: ლუდვიგის მუზეუმში (გერმანია), რიო დე ჟანეიროს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში, სოფიის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში, აშშ-ის, გერმანიის, ბელგიის, ნიდერლანდების, რუსეთის, საქართველოს კერძო კოლექციებში.
გიორგი წერეთლის მაღალმხატვრული ნამუშევრები არაერთხელ დაჯილდოვდა სპეციალური დიპლომითა თუ მედლით. ის იყო ვარნისა (ბულგარეთი) და ამიერკავკასიის გრაფიკის საერთაშორისო ბიენალეს ვერცხლის მედალოსანი, მოგვიანებით – ვარნის საერთაშორისო ბიენალეს ჟიურის წევრი, მრავალი ალბომისა და მხატვრული ნაწარმოების მხატვარ-დიზაინერი, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი.
მნიშვნელოვანია გიორგი წერეთლის პედაგოგიური საქმიანობაც. 1994 წლიდან ის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის გრაფიკის შემოქმედებით სახელოსნოს ხელმძღვანელობდა. 2006 წელს პროფესორი გიორგი წერეთელი საუკეთესო პედაგოგად დასახელდა.
აღსანიშნავია, რომ 2021 წელს, კულტურის სამინისტროს მხარდაჭერითა და გრაფიკის თანამედროვე ცენტრის ინიციატივით, გამოიცა წიგნი-ალბომი „გოგი წერეთელი“, რომელიც შეიძლება დაზგური გრაფიკისა და წიგნის დიზაინის სახელმძღვანელოდ მივიჩნიოთ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები