უკრაინის ეროვნულ გვარდიაში მსახურება უცხოელებს და მოქალაქეობის არმქონე პირებსაც შეეძლებათ. შესაბამის განკარგულებას ხელი პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოაწერა.
პრეზიდენტის ვებსაიტზე გამოქვეყნებულ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ უცხოელები, რომლებიც კანონიერად იმყოფებიან უკრაინის ტერიტორიაზე, არ აქვთ ნასამართლეობა და აკმაყოფილებენ „სამხედრო მოვალეობისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ კანონის მოთხოვნებს, შეიძლება, მიღებულნი იყვნენ უკრაინის ეროვნულ გვარდიაში ნებაყოფლობით საფუძველზე (კონტრაქტით).
მათ შეუძლიათ, კონტრაქტით ჯარში იმსახურონ როგორც რიგით თანამდებობებზე, ასევე, სერჟანტებისა და ოფიცრების თანამდებობებზე.
სამხედრო სამსახური მთავრდება გათავისუფლების, გარდაცვალების, სასამართლოს მიერ უგზო-უკვლოდ დაკარგულად ცნობის ან გარდაცვლილად ცნობის შემთხვევაში.