რუსეთის პრეზიდენტის სპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, მისთვის უცნობია, თუ როდის დასრულდება ალექსი ნავალნის ცხედართან დაკავშირებული პროცედურები და როდის გადასცემენ მას ოჯახს.
„არა, ეს კითხვა ჩვენთან არ არის. ამ საქმეში ჩართული არ ვართ. ეს არ არის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ფუნქცია“, – თქვა მან.
ამასთან, მისი თქმით, ნავალნის გარდაცვალების გარემოებების გამოძიება მიმდინარეობს, „ტარდება კანონით გათვალისწინებული ყველა საჭირო ქმედება“.
პესკოვმა დასავლელი მაღალჩინოსნების განცხადებებს ალექსეი ნავალნის მკვლელობაზე ვლადიმერ პუტინის პასუხისმგებლობის შესახებ – “აბსოლუტურად მიუღებელი” უწოდა.
„ეს განცხადებები, რა თქმა უნდა, ვერანაირ ზიანს ვერ მიაყენებს ჩვენი სახელმწიფოს მეთაურს. მაგრამ ისინი არ უხდება მათ, ვინც ასეთ განცხადებებს აკეთებს. იმ პირობებში, როდესაც ინფორმაცია არ არის, აბსოლუტურად მიუღებლად მივიჩნევთ ასეთ, გულახდილად რომ ვთქვათ, თავხედურ განცხადებებს. ისინი არ შეეფერება სახელმწიფო მოღვაწეებს, რომლებმაც ასეთი განცხადებები აკეთეს”, – თქვა პესკოვმა.