ეკა სეფაშვილი: მე არ ვფიქრობ, რომ საქართველოს მიმართ რაიმე ძალიან რადიკალური ცვლილებები შეიძლება მოხდეს მხოლოდ იმის გამო, რომ უნგრეთში ხელისუფლება შეიცვალა
უნგრეთის არჩევნებსა და ევროპაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ისაუბრა პარტია „ხალხის ძალის” საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა ეკა სეფაშვილმა. მისი შეფასებით, უნგრეთში ხელისუფლების ცვლილება ავტომატურად არ ნიშნავს საქართველოს მიმართ პოლიტიკის ცვლილებას.
„უნგრეთის არჩევნები, ვფიქრობ, სწორედ უნგრელი ხალხის გადასაწყვეტია, თუმცა ჩვენ ქვეყანაში არსებულ რადიკალებს და სხვადასხვა აგენტურის წარმომადგენლებს რა უხარიათ ჩემთვის ცოტა არ იყოს გაურკვეველია,”- განაცხადა დეპუტატმა და აღნიშნა, რომ უნგრეთის ახალი ხელისუფლება, ისევე როგორც წინა, საკუთარ ეროვნულ ინტერესებს დაიცავს.
„უნგრეთის არჩევნებს რაც შეეხება, ვფიქრობ, რომ ეს სწორედ უნგრელი ხალხის გადასაწყვეტია და ამ ფონზე, ჩვენს რადიკალებს და სხვადასხვა აგენტურის წარმომადგენლებს რა უხარიათ, ცოტა არ იყოს გაურკვეველია. უნგრეთის ახალი მთავრობა ისევ და ისევ უნგრელი ხალხის ინტერესების დაცვას შეეცდება და ჩვენ უკვე ვხედავთ ამის პირველ ნიშნებს. როგორც ვიცით, ევროკავშირი უნგრეთს სთხოვდა 90 მილიარდი ევროსათვის ვეტოს მოხსნას, რაზეც მადიარმა განაცხადა, რომ ვეტოს მოხსნის იმ შემთხვევაში, თუ აღდგება მილსადენი „დრუჟბა”, რომლითაც უნგრეთი მარაგდება რესურსებით. უნგრეთის ახალი ხელისუფლება პირდაპირ არ მიდის დათმობებზე, ის ისევ და ისევ უნგრელი ხალხის და უნგრეთის ინტერესების დაცვას ცდილობს, ასე რომ, ჩვენ ამ მიმართულებით უნდა დაველოდოთ მოვლენების განვითარებას და მე არ ვფიქრობ, რომ რადგან უნგრეთში ხელისუფლება შეიცვალა, მათი დამოკიდებულება საქართველოს მიმართ რადიკალურად შეიცვლება.
ჩვენ ვიხილეთ უნგრეთის ახალი ხელისუფლების განცხადება და ამასთან ერთად, არ დაგავიწყდეთ – როდესაც საქართველოს საკითხის განხილვა იყო ევროსაბჭოში, საქართველოსთან უვიზო რეჟიმის შეჩერებასთან დაკავშირებით, უნგრეთი არ იყო ერთადერთი ქვეყანა, რომელიც არ ეთანხმებოდა ამას, იქ იყვნენ სხვა ქვეყნებიც, რომლებიც ასევე ეწინააღმდეგებოდნენ ამ გადაწყვეტილებას, უბრალოდ, უნგრეთი იყო ის, ვინც ამის შესახებ ხმამაღლა, კამერებთან საუბრობდა. ასე რომ, ეს ახალი მოცემულობა, რაც ევროპაში შეიქმნა, ვერ ვიტყოდი, რომ ძალიან იმედის მომცემია აქაური რადიკალებისთვის. ვფიქრობ, რომ უნგრეთის ახალი ხელისუფლებაც, პირველ რიგში, უნგრეთის ეროვნული ინტერესების დაცვას შეეცდება, რაც უკვე ვიხილეთ. ამასთანავე არ დაგვავიწყდეს, რომ ორბანის წინააღმდეგაც საკმაოდ ძლიერი ზეწოლა მიმდინარეობდა, როდესაც ზელენსკიმ განაცხადა, რომ „დრუჟბას” მილსადენი, რომელიც მისივე განცხადებით დაზიანებული იყო, უკვე აპრილის ბოლოს შეკეთდებოდა. ამ დროს ორბანი ითხოვდა „დრუჟბას” მილსადენის მდგომარეობის შემოწმების მიზნით, უნგრელი ექსპერტების გაგზავნას, ზელენსკი ამაზე უარს აცხადებდა, ასე რომ ასეთი ზეწოლა ორბანზე ნამდვილად იყო. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. მე არ ვფიქრობ, რომ საქართველოს მიმართ რაიმე ძალიან რადიკალური ცვლილებები შეიძლება მოხდეს მხოლოდ იმის გამო, რომ უნგრეთში ხელისუფლება შეიცვალა,”- განაცხადა ეკა სეფაშვილმა.