ოპერა „სამსონი და დალილას“ წარმოდგენას თეა წულუკიანი დაესწრო
თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე გაიმართა პრემიერა კამილ სენ-სანსის ყველაზე პოპულარული ოპერისა – „სამსონი და დალილა“. წარმოდგენას კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი დაესწრო.
მონტე-კარლოს ოპერის თეატრის ეს ულამაზესი სპექტაკლი გამოჩენილმა ფრანგმა რეჟისორმა ჟან-ლუი გრინდამ დადგა. 40-წლიანი ნაყოფიერი შემოქმედებითი მოღვაწეობის მანძილზე მან დადგა ისეთი საინტერესო სპექტაკლები, როგორიც არის: „ტრავიატა“, „ერნანი“, „რომეო და ჯულიეტა“, „ჯამბაზები“, „ღამურა“, „ტანჰოიზერი“, „ჰოფმანის ზღაპრები“, „კარმენი“, „მეფისტოფელი“, „ფალსტაფი“, „ვილჰელმ ტელი“, „ლუჩია დი ლამერმური“, „ბოჰემა“, „ტაისი“, „თურქი იტალიაში“, „ვერთერი“, „ჯოკონდა“ და სხვა. ჟან-ლუი გრინდა 10 წელი იყო ვალონიის სამეფო ოპერის თეატრის დირექტორი, 15 წელი კი – მონტე-კარლოს ოპერის თეატრის დირექტორი. 2018 წლიდან კი იგი ორანჟის ფესტივალის დირექტორია.
აგოსტინო არივაბენეს მიერ შექმნილი საუცხოო დეკორაციები, იდუმალი ტაძრის ატმოსფერო, მრავალფეროვანი და ძვირფასი კოსტიუმები, ლორან კასტენის საოცარი განათება და შუქის ეფექტები, ეჟენი ანდრენის ქორეოგრაფია აღმოსავლეთს სიურრეალისტური, ზღაპრული სახით წარმოგვიდგენს.
სპექტაკლში „სამსონი და დალილა“ მონაწილეობენ თბილისის ოპერის თეატრის სოლისტები, მოწვეული მომღერლები, გუნდი, ორკესტრი და საბალეტო დასი. დამდგმელი დირიჟორია ზაზა აზმაიფარაშვილი, დირიჟორები – ლევან ჯაგაევი და კახი სოლომნიშვილი.
კამილ სენ-სანსმა 13 ოპერა დაწერა, მაგრამ მხოლოდ ეს ერთი შემორჩა მსოფლიოს საოპერო თეატრების რეპერტუარს. „სამსონი და დალილა“ ძველი აღთქმის სიუჟეტს ეფუძნება. მისი ლიბრეტო ფერდინანდ ლემერს ეკუთვნის. ოპერის პრემიერა 1877 წლის 2 დეკემბერს ვაიმარში შედგა, მისი პარიზული პრემიერა კი „გრანდ ოპერაში“ 1892 წლის 23 ნოემბერს გაიმართა. დღეს „სამსონი და დალილა“ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ოპერაა, რომელსაც მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს თანამედროვე საოპერო თეატრების სცენებზე, დალილას პარტია კი ყველა მეცო-სოპრანოს საყვარელი და საოცნებო პარტიაა.
ინფორმაციისთვის: თბილისის ოპერის სცენაზე „სამსონი და დალილა“ პირველად 1894 წელს – 130 წლის წინ დაიდგა, ბოლოს კი ეს სპექტაკლი ქართველმა მაყურებელმა თეატრში 80 წლის წინ – 1944 წელს ნახა.
ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე სპექტაკლის ნახვას მაყურებელი 23, 24, 25 თებერვალსა და 1, 2, 3 მარტს შეძლებს.