სალომე ზურაბიშვილი: ერთადერთი, რაც შეიძლება, საქართველო-რუსეთის ურთიერთობაში შეიცვალოს, არის ის, რომ რუსეთი გავიდეს ყველა ოკუპირებული ტერიტორიიდან

”არ მგონია, რომ საქართველო – რუსეთის ურთიერთობაში რაიმე შეიცვალოს. ერთადერთი, რაც შეიძლება, შეიცვალოს, არის ის, რომ რუსეთი გავიდეს ყველა ოკუპირებული ტერიტორიიდან, იქნება ეს უკრაინისა თუ საქართველოსი. ესაა ევროპის უსაფრთხოების მომავალი და არა ის, რომ ევროპის გვერდით იყოს ქვეყანა, რომელიც დამოუკიდებელი ქვეყნების ტერიტორიებს იკავებს”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „დოიჩე ველესთან” ინტერვიუში განაცხადა.

კითხვაზე, “რას მოელით ამ მომენტში ევროპელებისა და ევროკავშირისგან?” საქართველოს პრეზიდენტი პასუხობს:

“გაფართოება, გაფართოება და გაფართოება!

ისევე როგორც ნებისმიერ, სხვა ქვეყანაში, ჩვენთანაც არის შიდაპოლიტიკური ბრძოლები, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, საქართველოს ფარგლებს გარეთ იცოდნენ, რომ ამაზე [ევროკავშირში გაწევრიანებაზე] ქართველი ხალხის სრული კონსენსუსი არსებობს და ასეა ბოლო ოცდაათი წლის განმავლობაში, ჩვენი დამოუკიდებლობის მომენტიდან,. ქართველი ხალხი მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ გზას და ეს არასოდეს შეცვლილა. არც მაშინ, როცა საქართველო ოკუპირებული და დაპყრობილი იყო და არც მომავალში შეიცვლება, რადგან ეს ერთადერთი პერსპექტივაა, რაც რეალურად არსებობს იმ ქვეყნისთვის, რომელიც მდებარეობს იქ, სადაც მდებარეობს.

ჩვენ უფრო ახლოს ვართ და რუსული სამსახურები ბევრად უკეთ გვიცნობენ. იცნობენ ხალხს, ჩვენს ხასიათს, ასე რომ, გარკვეულწილად, მათთვის უფრო ადვილია საქართველოში ჩარევა, რადგან ეს მათთვის ცნობილი ნიადაგია. ამავდროულად, ქართველი ხალხისათვის კარგად ნაცნობია საბჭოთა პროპაგანდა, რაც დიდად არ განსხვავდება დღევანდელი რუსული პროპაგანდისგან. ასე რომ, ჩვენთან შეიძლება გამძლეობა ცოტა უფრო მაღალია, მაგრამ ჩვენ ამის [რუსეთის ჩარევის] საფრთხის წინაშე მიმდინარე წელს დავდგებით, რადგან ოქტომბერში საპარლამენტო არჩევნებია. ასე რომ, დარწმუნებული ვარ, ბევრ ჩარევას უნდა ველოდოთ, საქართველოს მიმართ ჰიბრიდული ომი მიმდინარეობს.

ჩვენ არაფერი გვაქვს შესადარებელი. ეს ყველაფერი უკვე შედარებულია. მე აქ ვარ მხოლოდ იმისთვის, რომ გამოვხატო ქართველი ხალხის თანადგომა და სოლიდარობა, რისი მოწმეც გახდება ყველა, ვინც საქართველოში ჩამოვა და თბილისში უამრავ უკრაინულ დროშას ნახავს. ასე რომ, მე აქ ამისთვის ვარ, რომ გამოვხატო ჩემი სოლიდარობა. მეტი არაფერი შემიძლია, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს მნიშვნელოვანია ამ დროისთვის, რადგან ჩვენ ვართ ასოცირებული ტრიოს ნაწილი, ახლა უკვე კანდიდატი ქვეყნები და რაც მთავარია, ჩვენ, მოლდოვასთან ერთად, ვართ სამი ქვეყანა, რომლებსაც ერთად სჭირდებათ შავი ზღვის უსაფრთხოება.

საუკეთესო შედეგი ისაა, რომ რუსეთს უკან დახევა მოუწევს საკუთარ ტერიტორიაზე, იმის გათავისება, რომ მას აქვს საზღვრები, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა ქვეყანას მსოფლიოში, და პატივი უნდა სცეს მეზობლებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ათავისუფლებს ოკუპირებულ ტერიტორიებს და ჩვენ ვხდებით ევროკავშირის წევრები. ეს არის საუკეთესო და ერთადერთი შედეგი, რაზეც შემიძლია, ვიფიქრო”,- განაცხადა პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები