„ბერლინალეს” მიმდინარეობისას ქართული დელეგაციის წევრებმა „ევროპული კინოს პოპულარიზაციის” (EFP) ხელმძღვანელთან შეხვედრა გამართეს
„ბერლინალეზე” ქართული დელეგაციის წევრები აქტიურ შეხვედრებს მართავენ. ამჯერად ბერლინის 74-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე კობა ხუბუნაიამ, სსიპ საქართველოს ეროვნული კინოცენტრის ფილმწარმოების დეპარტამენტის უფროსმა ბაჩანა ოდიშარიამ, ეროვნული კინოცენტრის დელეგაციის წევრმა რეჟისორებმა და პროდიუსერებმა შეხვედრა გამართეს „ევროპული კინოს პოპულარიზაციის” (EFP) ხელმძღვანელ სონია ჰეინენთან.
შეხვედრაზე განიხილეს „ევროპული კინოს პოპულარიზაციის” სხვადასხვა პროგრამაში ქართველი რეჟისორების, პროდიუსერებისა და ქართული ფილმების მონაწილეობის საკითხი; იმსჯელეს სამომავლო თანამშრომლობის შესახებაც.
ფესტივალის მიმდინარეობისას კინოს სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრები აქტიურად გაგრძელდება.
ინფორმაციისთვის: 15-25 თებერვალს ბერლინში იმართება 74-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, რომლის მიმდინარეობისას, 15-21 თებერვალს, ტარდება ევროპული კინოს ბაზრობა (EFM). ბაზრობაზე ეროვნული კინოცენტრი, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ღვინის ეროვნული სააგენტოსა და „ჯორჯიან ეარვეისის” მხარდაჭერით, ტრადიციულად, საქართველოს სტენდით არის წარმოდგენილი, რომელიც წარმოაჩენს ქართული კინოს უმდიდრეს მემკვიდრეობას, წარადგენს ახალ პროექტებს, პოპულარიზაციას უწევს საქართველოს, როგორც აღმოსავლეთ ევროპაში კინოგადაღებებისთვის უმნიშვნელოვანეს ქვეყანას.
ქართული კინოს სათანადოდ წარსადგენად და წარმოსაჩენად დელეგაციაში არაერთი რეჟისორი და პროდიუსერია, რომლებიც შეძლებენ სხვადასხვა საპროდიუსერო კომპანიის წარმომადგენლების გაცნობას და დასახავენ გეგმებს, როგორც ერთობლივი პროდუქციის შესაქმნელად, ასევე ქვეყნის კინოწარმოების განვითარების კუთხით. ეს ხელს შეუწყობს ქართველი კინოხელოვანების საერთაშორისო კავშირების განმტკიცებასა და მათი მიმდინარე პროექტების წარმატებას.
კინორეჟისორებითა და პროდიუსერებით დაკომპლექტებულ დელეგაციას შეუძლია საკუთარი შემოქმედებითა თუ სამომავლო პროექტებით დააინტერესოს ევროპელი საზოგადოება და ხელი შეუწყოს ქართული კინოს პოპულარობას.