მიხეილ სარჯველაძე: ბრიუსელში დაგეგმილი ირაკლი კობახიძის პირველი ვიზიტი მნიშვნელოვანი ხაზგასმაა იმისა, რომ ქვეყნისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ევროინტეგრაცია

„ღირებულია ის გარემოება, რომ პირველ ვიზიტად არჩეულია სწორედ ბრიუსელი. ე.წ. ევროპის დედაქალაქი”,- ასე ეხმაურება მმართველი გუნდის წევრი მიხეილ სარჯველაძე მთავრობის მეთაურის რანგში ბრიუსელში დაგეგმილ ირაკლი კობახიძის პირველ ვიზიტს.

სარჯველაძის თქმით, ბრიუსელში დაგეგმილი ირაკლი კობახიძის პირველი ვიზიტი მნიშვნელოვანი ხაზგასმაა იმისა, რომ ქვეყნისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ევროინტეგრაცია.

“ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანი ხაზგასმაა იმისა, რომ ქვეყნისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი, ღირებული და პრიორიტეტულია ის მიმართულება, რასაც ევროინტეგრაცია ჰქვია, რაც განმტკიცებულია ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციაში, რომლის ავტორიც გახლავთ სწორედ ირაკლი კობახიძე.

რაც შეეხება შეხვედრას, საზოგადოდ უნდა ითქვას, რომ ასეთი ვიზიტები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ფონზე, როდესაც განსაკუთრებული ინტენსივობა აქვს შეძენილი ქართულ-ევროპულ ურთიერთობებს. ვფიქრობთ, ეს ვიზიტიც გამოყენებული იქნება კარგ შესაძლებლობად საიმისოდ, რომ უფრო მეტად მივაწოდოთ ინფორმაცია ჩვენს ევროპელ პარტნიორებს იმასთან დაკავშირებით, თუ რა მდგომარეობაა საქართველოში, რამდენად არსებობს მზადყოფნა საიმისოდ, რომ ქვეყანას საბოლოოდ გაეხსნას კარი ევროპულ ოჯახში დასაბრუნებლად“,- განაცხადა სარჯველაძემ.

ცნობისთვის, ირაკლი კობახიძე პრემიერის რანგში პირველი ვიზიტით, 20-21 თებერვალს, ბრიუსელს ეწვევა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები