მიხეილ სარჯველაძე – პრეზიდენტის მიუნხენში ვიზიტზე: ეს ზურაბიშვილის მხრიდან ქართული სახელმწიფოს, ქართული კონსტიტუციური მართლწესრიგის გამოწვევა და აბუჩად აგდებაა
“ეს ზურაბიშვილის მხრიდან არის მხოლოდ და მხოლოდ ქართული სახელმწიფოს, ქართული კონსტიტუციური მართლწესრიგის გამოწვევა და აბუჩად აგდება”,- ასე შეაფასა მმართველი გუნდის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ მიუნხენში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ვიზიტი, სადაც ის უსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილეობს.
სარჯველაძის თქმით, მსგავსი ქმედება, ადამიანს რომელსაც პრეზიდენტობაზე აქვს პრეტენზია – არ შეშვენის.
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ უდავოდ დაადგინა, რომ საქართველოს პრეზიდენტი პრაქტიკულად, აღარც არის უფლებამოსილი, რომ ასეთ ადამიანად ითვლებოდეს. ეს საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა იმის მიღმა, რაც არის ყველა იურისტისთვის ელემენტარულ ჭეშმარიტებად ცნობილი – საპარლამენტო რესპუბლიკაში როგორია პრეზიდენტის ფუნქციები, კომპეტენციები, უფლებამოსილებები. მგონი, ეს დღეს ყველასთვის ნათელია. ამ ფონზე, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოს ეს დადგენილი აქვს და ეს პრაქტიკულად უდავოდ იქცა, არავის შეკამათების უფლება არ აქვს. რაც შეეხება ამის შემდეგ იგივე დესტრუქციული ნაბიჯების გაგრძელებას, მგონი გასაგებია რა მიზანს ისახავს ეს. ეს ზურაბიშვილის მხრიდან არის მხოლოდ და მხოლოდ ქართული სახელმწიფოს, ქართული კონსტიტუციური მართლწესრიგის გამოწვევა და აბუჩად აგდება. ეს არცერთ შემთხვევაში არ შეშვენის ადამიანს, რომელსაც აქვს პრეტენზია, საქართველოს პრეზიდენტად იწოდებოდეს. აქედან გამომდინარე, მგონი ყველასთვის ნათელი უნდა იყოს, ვინმეს მოსწონს ეს ყველაფერი თუ არ მოსწონს, ფაქტია, არაფრით შეიძლება დაშვება, რომ ვინმემ საკუთარ თავს მისცეს უფლება, კონსტიტუციის თავზე გაიაროს“,- განაცხადა სარჯველაძემ.