ბერლინის 74-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე ქართული კინოს განვითარების პერსპექტივებზე იმსჯელეს

ბერლინის 74-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე ეროვნული კინოცენტრი, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, ქართული სტენდით მონაწილეობს.
ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, ფესტივალზე საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ეროვნული კინოცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა კობა ხუბუნაიამ, კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ფილმწარმოების დეპარტამენტის უფროსმა ბაჩო ოდიშარიამ, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის საერთაშორისო წარმომადგენელმა ევროპაში სოფია ბაბლუანმა და „ევრიმაჟსა“ და ჩრდილოეთ ამერიკაში კინოცენტრის საერთაშორისო წარმომადგენელმა გიგა აგლაძემ სამუშაო შეხვედრა გამართეს.
მხარეებმა ქართული კინოს განვითარების შესაძლებლობებსა და სხვადასხვა ქვეყანასთან თანამშრომლობით პროდუქციის შექმნის პერსპექტივებზე იმსჯელეს.
„როგორც ცნობილია, ბერლინის 74-ე საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში 15-21 თებერვალს ევროპული კინოს ბაზრობაზე ეროვნული კინოცენტრი, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ღვინის ეროვნული სააგენტოსა და „ჯორჯიან ეარვეისის“ მხარდაჭერით, ტრადიციულად, წარმოდგენილია საქართველოს სტენდით, რომელიც წარმოაჩენს ქართული კინოს უმდიდრეს მემკვიდრეობას, წარადგენს ახალ პროექტებს და პოპულარიზაციას უწევს საქართველოს, როგორც აღმოსავლეთ ევროპაში კინოგადაღებებისთვის უმნიშვნელოვანეს ქვეყანას. ქართული კინოს სათანადოდ წარდგენისა და წარმოჩენისთვის დელეგაციაში არაერთი რეჟისორი და პროდიუსერია, რომლებიც სხვადასხვა საპროდიუსერო კომპანიის წარმომადგენლებს გაიცნობენ და დასახავენ გეგმებს, როგორც ერთობლივი პროდუქციის შესაქმნელად, ასევე, ქვეყნის კინოწარმოების განვითარებისთვის.
უნდა აღინიშნოს, რომ განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს ქართული სტენდი, რისი დასტურიც კინოინდუსტრიისა და კინოს სფეროს წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრებია. საერთაშორისო ავტორიტეტულ ორგანიზაციებთან შეხვედრები ფესტივალის მიმდინარეობისას აქტიურად გაგრძელდება.
ინფორმაციისთვის: სოფია ბაბლუანი კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ევროპაში საერთაშორისო წარმომადგენლის პოზიციას მიმდინარე წლის თებერვლიდან იკავებს. იგი წლევანდელ ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე საქართველოს დელეგაციის წევრია და ფესტივალზე თავის ახალ ამპლუაში წარმოადგენს კინოცენტრსა და ქართული კინოს ინტერესებს.
გიგა აგლაძე კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის საერთაშორისო წარმომადგენლად „ევრიმაჟსა“ და ჩრდილოეთ ამერიკაში 2023 წლის ოქტომბერში დაინიშნა. აქვს აუდიოვიზუალურ სექტორში საქმიანობის 20-წლიანი გამოცდილება. როგორც სცენარის ავტორი, რეჟისორი და პროდიუსერი სხვადასხვა კომპანიაში ქმნიდა მხატვრულ, დოკუმენტურ, ანიმაციურ და მრავალსერიიან მხატვრულ ფილმებს, სარეკლამო პროდუქციასა და სატელევიზიო გადაცემებს. აქვს საზღვარგარეთ კინოწარმოების მიმართულებით გამოცდილება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები