„ნავალნი ნელ-ნელა მოკლეს პუტინმა და მისმა რეჟიმმა“ – ჯოზეფ ბორელი და ურსულა ფონ დერ ლაიენი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჟოზეფ ბორელი ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი ალექსეი ნავალნის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.
როგორც მათ განცხადებაშია აღნიშნული, ნავალნი ნელ-ნელა მოკლეს პრეზიდენტმა პუტინმა და მისმა რეჟიმმა, რომლებსაც საკუთარი ხალხის წინააღმდეგობაზე მეტად არაფრის ეშინიათ.
„ჩვენ შოკირებული და დამწუხრებული ვართ რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის გარდაცვალების შესახებ დღევანდელი ცნობებით. ჩვენი ფიქრები მის მეუღლესთან, იულია ნავალნაიასთან, მის ოჯახთან და ყველა მათგანთანაა რუსეთში და მის ფარგლებს გარეთ, ვისაც სჯერა რუსეთის დემოკრატიული და მშვიდობიანი მომავლის. ჩვენ პატივს მივაგებთ მის ხსოვნას, როგორც თავისუფლებისთვის.
ალექსეი ნავალნიმ წარმოუდგენელი გამბედაობა და მონდომება გამოავლინა მთელი ცხოვრების განმავლობაში. იგი მამაცურად დაბრუნდა რუსეთში საშინელი მკვლელობის მცდელობის შემდეგ. მან იმედი მისცა რუსეთში დემოკრატებსა და სამოქალაქო საზოგადოებას, რის გამოც ამდენი ადამიანი მთელი ქვეყნიდან შეუერთდა მის აქციებს და მოისმინა მისი გზავნილები.
რუსეთის ხელისუფლებამ უპასუხა მის ლეგიტიმურ პოლიტიკურ და ანტიკორუფციულ საქმიანობას პოლიტიკურად მოტივირებული ზომებით, გაგზავნა იგი მოსკოვიდან შორს, მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების კოლონიაში, მიუწვდომლად მისი ოჯახისთვის, მეგობრებისთვის და დამკვირვებლებისთვის და ავიწროებდა მის ადვოკატებს.
ჩვენ არაერთხელ მოვუწოდეთ რუსეთს, უზრუნველეყო მისი უსაფრთხოება და ჯანმრთელობა და გამოვხატეთ ჩვენი შეშფოთება ციხის ხელმძღვანელობის მხრიდან მისი განმეორებითი არასათანადო მოპყრობის, გაუმართლებელი და უკანონო დისციპლინური ზომების და შევიწროების გამო, რაც ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ წამებას უტოლდება.
ის ნელ-ნელა მოკლეს პრეზიდენტმა პუტინმა და მისმა რეჟიმმა, რომლებსაც არაფრის ეშინიათ იმაზე მეტად, როგორიც საკუთარი ხალხის წინააღმდეგობაა.
ჩვენ არ დავიშურებთ ძალისხმევას რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობისა და ხელისუფლების პასუხისმგებლობისთვის. მოვითხოვთ რუსეთის ხელისუფლებისგან, დაადგინონ ყველა ფაქტი ნავალნის გარდაცვალების შესახებ. რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლოს ყველა სხვა პოლიტიკური პატიმარი“, – ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, რუსეთის მთავარი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი ციხეში გარდაიცვალა. აღსანიშნავია, რომ 47 წლის პოლიტიკოსმა ბოლო სამი წელი პატიმრობაში გაატარა.