ახალგაზრდა რეჟისორმა, გიორგი კაშიამ თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში დადგა სპექტაკლი „ირინეს ბედნიერება”
საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი, თეა წულუკიანი შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში სპექტაკლ „ირინეს ბედნიერებას” დაესწრო.
ქართველი მწერლისა და დრამატურგის, დავით კლდიაშვილის, „ირინეს ბედნიერება” მიხეილ თუმანიშვილის სახელობის სცენაზე დადგა დრამის ფაკულტეტის თეატრის რეჟისურის სპეციალობის მაგისტრატურის სტუდენტმა გიორგი კაშიამ (ჯგუფის ხელმძღვანელია გია კიტია, ასისტენტი – გიორგი აფხაზავა).
მნიშვნელოვანია, რომ დადგმის მიზანია, მხარი დაუჭიროს ქალებს, რომლებსაც თავიანთი სურვილის საწინააღმდეგოდ მოქმედებას აიძულებენ. ეს გლობალური პრობლემა მარადიულია, როგორც კლდიაშვილის „ირინეს ბედნიერება”. ირინეს ბედს ყველა წყვეტს, თვითონ ირინეს გარდა. მამა უკეთესი ცხოვრების იმედით ათხოვებს, მაგრამ ყველაზე ტკბილი ხომ თავისუფლებაა! ირინე სწორედ სიჩუმეში დაკარგული თავისუფლებაა.
სპექტაკლში მონაწილეობენ: კესო დვალიშვილი, ანუკა შარია, გუგა ქაცარავა, ლუკა ჩიბუხია, გიგა აბულაძე, ნოდარ მელაძე, ნინი კვირიკაშვილი, ლაშა ქვაცაბია, თამარ ყალაბეგაშვილი, ლაშა მორჩილაძე, ნიკა ნიკურაძე, გიორგი გელაშვილი და ნიკა თეთრაძე. მხატვარია ანა ბერიშვილი, რეჟისორის თანაშემწე – სალომე ბრეგვაძე.