აკაკი ფაღავას დაბადებიდან 137 წელი შესრულდა

ხელოვნების სასახლე ცნობილ რეჟისორსა და თეატრმცოდნეს – აკაკი ფაღავას იხსენებს.
„ტერეზა!
მარტოდმარტო ვარ, ყველგან შენ მეჩვენები.. ფიქრი, გონება, სული შენთან არის… გუშინ საღამოს უზომო იყო ჩემი ტანჯვა, თეატრში წავედი და შემდეგ „ფრანციაში“ ვისადილე, თითქოს შენც ჩემთან იყავ, აჩრდილივით თან დამდევდი მაგრამ ეს მხოლოდ მოჩვენება იყო, რა ვქნა? როგორ გავუძლო უშენოდ. მუშაობის ხალისიც არ მაქვს. როდემდის გავძლებ ასე. იქნებ თავი დავანებო აქაურობას და წამოვიდე … სულ წამოვიდე, რომ შენთან ვიყო, ტერეზა“! …
დღეს ცნობილი რეჟისორისა და თეატრმცოდნის, აკაკი ფაღავას დაბადებიდან 137 წელი შესრულდა. მის სახელს ქართული თეატრის ისტორიაში არაერთი მნიშვნელოვანი მოვლენა უკავშირდება: 1920 წელს შეკრიბა მსახიობთა დასი, დგამდა ქართულ წარმოდგენებს დღევანდელი რუსთაველის თეატრის შენობაში – ამით შექმნა რუსთაველის თეატრის დაარსების საფუძველი; 1922 წელს დააფუძნა თეატრალური სტუდია, რომლის ბაზაზე აღმოცენდა თეატრალური ინსტიტუტი (უნივერსიტეტი); კონსერვატორიასთან ჩამოაყალიბა საოპერო კლასი, დააარსა თეატრალური საზოგადოება, უძღვებოდა საჯარო ლექციებს კულტურის, ისტორიის სფეროში და სხვა.
ზემოთ წარმოდგენილი წერილი ძვირფას, მონატრებულ მეუღლეს ბათუმიდან მოწერა. ავტოგრაფი თეატრის ოფიციალურ ბლანკზეა შესრულებული. ხელს აწერს ბათუმის აკადემიური თეატრის რეჟისორი და სამხატვრო ხელმძღვანელი – ა. ფაღავა.
აკაკი ფაღავა დიდუბის პანთეონში მეუღლის, ტერეზა გრიგალაშვილის გვერდით განისვენებს“, – ნათქვამია ხელოვნების სასახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები