მაყვალა მრევლიშვილის დაბადებიდან 115 წელი გავიდა
ქართველი საბავშვო პოეტის, მაყვალა მრევლიშვილის, დაბადებიდან 115 წელი გავიდა. კულტურისა და სპორტის სამინისტრო პატივს მიაგებს მაყვალა მრევლიშვილის ხსოვნასა და ღვაწლს.
მაყვალა მრევლიშვილის საბავშვო პოეზია, ათწლეულებია, თაობებს ზრდის. შეუძლებელია, ქართველი ბავშვის სულსა და გულს ოდესმე არ შეეხოს ცხრათვალა მზის მიმართვა: „შენ გიცინი, პატარავ, დილა მშვიდობისა“… ან ჩიტმა არ მოხიბლოს, რომელიც მისთვის გალობს.
მაყვალა მრევლიშვილი წლების განმავლობაში მუშაობდა სხვადასხვა პოზიციაზე. იყო საქართველოს ტელე-რადიო კომიტეტის საბავშვო გადაცემათა რედაქტორი, სახელმწიფო მუზეუმის მეცნიერი თანამშრომელი, მწერალთა კავშირის საბავშვო სექციის ბიუროს მდივანი, მოსწავლეთა რესპუბლიკური სასახლის მხატვრული კითხვის წრის ხელმძღვანელი და ჟურნალ „დილის“ მთავარი რედაქტორის მოადგილე.
მაყვალა მრევლიშვილი 1973 წელს დაჯილდოვდა შოთა რუსთაველის სახელობის პრემიით. ასევე, მიენიჭა იაკობ გოგებაშვილის მედალი, მაგრამ მისი ყველაზე სანუკვარი ჯილდო იყო პატარების სიყვარული.