ბექა ოდიშარია: სამწუხაროა, რომ სალომე ზურაბიშვილი იქცა იმ ხალხის ლიდერად, რომლებიც უშვერი სიტყვებით ლანძღავდნენ
მმართველი გუნდის წევრის, ბექა ოდიშარიას განცხადებით, სამწუხაროა, რომ სალომე ზურაბიშვილი იქცა იმ ხალხის ლიდერად, რომლებიც უშვერი სიტყვებით ლანძღავდნენ მას და არ აღიარებდნენ პრეზიდენტად.
„საქართველოს პრეზიდენტი ქართული საზოგადოების უმრავლესობის თვალში აბსოლუტურად დევალვირდება. ვიზიარებ ჩვენი პარტიის ლიდერების გუშინდელ შეფასებებს, როგორც ბატონი ირაკლი კობახიძის, მამუკა მდინარაძის, ისე სხვების პოზიციას. ეს არის მორიგი ცდა, ფსევდოშუაშისტური რაღაც ძალა შეიქმნას. არაერთხელ მითქვამს, რომ მათემატიკაში ორჯერ ორი არის ოთხი და ამათ შემთხვევაში, ორჯერ ორი ნულდება. რა თქმა უნდა, პარადოქსია, მაგრამ ასე არის. სალომე ზურაბიშვილმა მიხეილ სააკაშვილის მოწვევით დაიწყო საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობა მინისტრის თანამდებობაზე და მხოლოდ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების მიერ და არა მათ მიერ, ვინც შალვა ნათელაშვილის ფანჩატურიდან უნდა გადაინაცვლოს ორბელიანების სასახლეში, არჩეულია პრეზიდენტად, პირველ ქალ პრეზიდენტად. სამწუხაროა, რომ სალომე ზურაბიშვილი იქცა იმ ხალხის ლიდერად, შტაბის ხელმძღვანელად, რომლებიც უშვერი სიტყვებით ლანძღავდნენ მას, არ აღიარებდნენ პრეზიდენტად, ვიდრე ხელი არ მოეცარათ სულ ყველას ერთად. ახლა ფიქრობენ, რომ მათი ძალა ერთობაშია. არანაირი ძალა არ აქვთ და არც ერთობა გამოვა მათგან. რა თქმა უნდა, ეს მომავალ არჩევნებს უკავშირდება“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.