“ცინიკური პოლიტიკური მანევრი” – ბაიდენი მხოლოდ ისრაელის დახმარების კანონპროექტს დაადებს ვეტოს
იმ შემთხვევაში, თუ აშშ-ის კონგრესი დაამტკიცებს დოკუმენტს, რომელიც არ შეიცავს უკრაინის დაფინანსებას და მხოლოდ ისრაელის დახმარებას გულისხმობს, პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მას ვეტოს დაადებს.
ამის შესახებ თეთრი სახლის განცხადებაშია ნათქვამი.
აღნიშნულია, რომ რესპუბლიკელების მიერ დაგეგმილი ცალ-ცალკე კენჭისყრა არის “ცინიკური პოლიტიკური მანევრი”, რომელიც არ არის მიმართული არც აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების პრობლემების გადაჭრაზე, არც ისრაელისა და უკრაინის დახმარებაზე.
რამდენიმეთვიანი დებატების შემდეგ, აშშ-ის სენატმა ორპარტიული კანონპროექტი შეათანხმა, რომელიც 118 მილიარდი დოლარის ოდენობის დამატებითი დაფინანსების გამოყოფას გულისხმობს, ასევე, უკრაინის და ისრაელის დახმარებას და შეერთებული შტატების სამხრეთის საზღვრის გაძლიერებას.
კანონპროექტის მიხედვით, 118 მილიარდი დოლარიდან სენატორების შეთავაზებით 60,06 მილიარდი დოლარი უკრაინის მხარდასაჭერად უნდა იყოს გამოყოფილი; 14,1 მილიარდი ისრაელის დასახმარებლად; 20,23 მილიარდი მექსიკასთან საზღვრის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად; 4,83 მილიარდი აშშ-ის პარტნიორების მხარდასაჭერად ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში; 2,44 მილიარდი – ინდოეთის წყნარი ოკეანის რეგიონში; ხოლო აშშ-ის ცენტრალური სარდლობას და წითელ ზღვაში ოპერაციების მხარდასაჭერად, თითოს – 2,44 მილიარდი დოლარი იყოს გამოყოფილი.
ახლა ჯერი წარმომადგენელთა პალატაზეა, რომელიც რესპუბლიკური პარტიის წევრთა უმრავლესობით არის წარმოდგენილი და რომლებიც ბლოკავენ კანონპროექტის ამ ფორმით დამტკიცებას.
მათი შეთავაზებაა, რომ კენჭისყრა ცალ-ცალკე მოხდეს, ანუ კენჭი ეყაროს ისრაელის დახმარებას, ცალკე უკრაინის და ცალკე დანარჩენი საკითხების.
წარმომადგენელთა პალატაში კანონპროექტზე პირველი კენჭისყრა, სავარაუდოდ, ხვალ, 7 თებერვალს მოხდება.